გიორგი გალატოზთა ზედა დამდეგის უცნობი წარწერა რუისის ღმრთისმშობლის ტაძრიდან /  An Unknown Inscription of Giorgi, “the Overseer of Masons”, From the Church of the Mother of God in Ruisi

 2

ირაკლი გელაშვილი / Irakli Gelashvili

ახალგაზრდა მეცნიერთა ცენტრი საქართველოს სიძველენი/ Center of Young Scientists Antiquities of Georgia

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / Korneli Kekelidze National Center of Manuscripts

 

 The Ruisi Church of the Mother of God lies in historical Shida Kartli (now the Kareli region), in the center of the village of Ruisi. The church is of interest from the viewpoint of epigraphy: there is a big number of both lapidary inscriptions and graffiti on its walls. These inscriptions deserve special study. Exactly the inscriptions of the Ruisi Church fall within the scope of my interest.

In June 2014 I visited the church for the first time. Several unknown graffiti were revealed. I made paleographic copies of both known and unknown inscriptions, some 30 outlines, and started to work on them. In near future these inscriptions will be published in a series of articles, thus introducing them into scientific circulation.

The present article concerns three construction inscriptions from the Ruisi Church, including an unknown inscription of Giorgi, “the overseer of masons”, which is first time introduced into the scientific circulation. I date this inscription to the 17th century. Giorgi mentioned in the inscription managed restoration work on the Ruisi Church complex carried out in 1660s-1670s on the commitment of Queen Mariam Dadiani. The paleographic copy of the inscription is first time published. The text is equipped with exhaustive apparatus criticus – archaeographic and paleographic descriptions.

Apart from that, I introduce paleographic copies of two more construction inscriptions into scientific circulation for the first time. These are King Aleksandre’s construction inscription and an inscription of Shalva, “the overseer of masons”. Texts of these inscriptions were published several times with minor inaccuracies. In the proposed article I suggest more precise readings of the above inscriptions.

სოფელი რუისი მდებარეობს ისტორიულ შიდა ქართლში, დღევანდელ ქარელის რაიონში, ქარელიდან 5კმ.-ზე, გორი ხაშურის საავტომობილო გზაზე. სოფელი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. შემორჩენილია ერთი ნასოფლარი, ექვსი ეკლესია და ერთი ღმრთისმშობლის ტაძრის კომპლექსი. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ჩვენი კვლევის საგანს.

ღმრთისმშობლის ტაძრის კომპლექსი მდებარეობს სოფლის ცენტრში, მასში შედის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, კოშკი-სამრეკლო და გალავანი. შუა საუკუნეებში აქ იყო მროველ ეპისკოპოსთა კათედრა. ღმრთისმშობლის ეკლესიაში მეფედ ეკურთხა გიორგი II (1072-1089). რომლის დროსაც რუისი ქართლის დედაქალაქის როლს ასრულებდა [1: 148].

გადმოცემის თანახმად, რუისის ტაძარის აგება ვახტანგ გორგასალს სახელს უკავშირდება, თუმცა ამ ხანის ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია. გიორგი ჩუბინაშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც 1939-1940 წლებში აზომვებს აწარმოებდნენ ლევან რჩეულიშვილი და ნიკო ჩუბინაშვილი, აღნიშნავს: „რუისის ტაძარი წარმოგვიდგება როგორც ხუროთმოძღვრული კომპოზიცია, რომელიც შექმნილია არა რომელიმე გარკვეულ ისტორიულ პერიოდში ერთბაშად და მთლიანად, არამედ შემაერთებელია თავის თავში სხვა და სხვა ეპოქისა და ელემენტებისა, რომელიც კარგად ერწყმის ერთმანეთს“ [10: 429].   გიორგი ჩუბინაშვილის დასკვნით რუისის ღმრთისმშობლის ტაძრის კომპლექსში უძველესი სამშენებლო ფენა VIII-IX სს. მიეკუთვნება, მეორე ფენა – X ს., მესამე ფენა კი – XI ს.-ის დასაწყისს. „მესამე ფენა განსხვავებით მეორე ფენისაგან, არ იყო გამოწვეული შენობის წინასწარი დანგრევით. არამედ სურდათ ეჩვენებინათ სიძლიერე ამ ფეოდალური ცენტრისა, ძველი ტაძარი აღარ აკმაყოფილებდა ხუროთმოძღვრებაში ახლად დამკვიდრებულ ფორმებსა და ნორმებს“ [10: 446].   – აღნიშნავს გიორგი ჩუბინაშვილი.

თემურ ლენგის ლაშქრობების შემდეგ კომპლექსი ძლიერ დაზიანდა, მეფე ალექსანდრე I-მა დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა და მთლიანად აღადგინა კომპლექსი. აღდგენითი სამუშაოები უწარმოებიათ ასევე XVI-XVII საუკუნეებშიც.

ტაძარი მნიშვნელოვანი და საინტერესოა ეპიგრაფიკის თვალსაზრისით. მის კედლებზე მრავლადაა როგორც ლაპიდარული ისე ნაკაწრი წარწერები რომლებიც შესწავლას მოითხოვენ. ჩვენი ინტერესის სფეროს სწორედ რუისის ტაძრის ეპიგრაფიკული ფონდი წარმოადგენს. წარწერების ნაწილი ბათქაშით იყო დაფარული ჯერ კიდევ XIX ს.-ის 80-იან წლებში. აი რას წერს გაზეთ ივერიის კორესპონდენტი გარსო სიკოძე 1878 წლის აგვისტოს ნომერში: „უფრო მეტად საყურადღებო და შესანიშნავია “ფერის-ცვალობის” ეკლესია, რომელშიაც წირვა-ლოცვა სრულდება, როგორც ძველის შესანიშნავის არხიტექტურით, ისე მრავლის ძვირფასის ჩუქურთმით და ზედწარწერით; შიგნიდან გაულესიათ კირით და დაუფარავთ ყოველივე….. გარედანაც, უმეტესი ნაწილი წარწერებისა, კირით ამოუვსიათ შებათქაშების დროს. აქებენ ამ ეკლესიის მდიდარს ბიბლიოთეკას…. იმედია დიდად პატივცემული დიმიტრი ბაქრაძე, ან სხვა ვინმე, არ დასტოვებენ ამ შესანიშნავს წარწერებსა და ბიბლიოთეკას უყურადღებოდ“ [8: 3].

XX ს.-ის დასაწყისში რუისის ტაძრის მდგომარეობის შესახებ ამავე გაზეთი ივერიაში ვკითხულობთ: „სადაც წვეთს უდენია, შელესილი კირი მთლად მოჰშორებია; ზოგან ამობურცულია, დღეს არა ხვალ მოიმზღვლევა. ჩრდილოეთითა და სამხრეთით მიდგმული სალაროები დარღვეულები არიან; ჩრდილოეთის სალარო მაინც ცუდ მდგომარეობაშია. შუა კედელი ჩამონგრეულა თუ ჩამოუნგრევიათ, ასე რომ კაცი ადვილად შევა და გამოვა“ [4: 1].

ალექსანდრე მეფის წარწერის განხილვისას, შენიშვნებში, შეთეთრებებზე საუბრობს გიორგი ჩუბინაშვილიც. იგი აღნიშნავს რომ : „წარწერა გაურკვევლად იკითხება შეთეთრების გამო, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივაა ჩამოცილებული“ [10: 462].  ალბათ სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ გიორგი გალატოზთა ზედა დამდეგის წარწერამ ვერ მიიქცია მკვლევართა ყურადღება. წარწერა იმდენად ახლოსაა ალექსანდრე მეფის სამშენებლო წარწერასთან (მის მარცხნივ, ქვედა მხარეს დაახლოებით 70 სმ. მოშორებით) რომ წარმოუდგენელია არ მოხვედრილიყო მკვლევართა მხედველობის არეში, ამასთანავე საყურადღებოა რომ შეთეთრების კვალი დღესაც კარგად ეტყობა ტაძარს.

რუისის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრის კომპლექსს პირველად ვეწვიეთ 2014 წლის ივნისში, რა დროსაც გამოვავლინეთ რამდენიმე უცნობი ნაკაწრი წარწერა, გადმოვიღეთ როგორც მათი ასევე ცნობილი წარწერების პალეოგრაფიული ასლები და დავიწყეთ მათი შესწავლა. ამჟამად გადმოღებული გვაქვს 30-მდე წარწერის პალეოგრაფიული ასლი და მიმდინარეობს მათზე მუშაობა, ახლო მომავალში იგეგმება ამ წარწერების გამოცემა სტატიების სახით და ისინი მალე გახდება ცნობილი სამეცნიერო საზოგადოების ფართო წრისათვის.

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ რუისის ტაძრის სამ წარწერას. რომელთაგან ერთ-ერთი, გიორგი გალატოზთა ზედა დამდეგის უცნობი წარწერა, სამეცნიერო მიმოქცევაში პირველად შემოგვაქვს. მას, პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, XVII ს-ით ვათარიღებთ. წარწერაში მოხსენიებული გიორგი ხელმძღვანელობდა რუისის ტაძრის კომპლექსის აღდგენით სამუშაოებს, რომელიც წარმოებდა XVII ს.-ის 60-70-იან წლებში დედოფალ მარიამ დადიანის ინიციატივით. ამ წარწერის პალეოგრაფიული პირი პირველად ქვეყნდება. ტექსტს თან ახლავს სრული არქეოგრაფიული და პალეოგრაფიული დახასიათება.

ასევე, პირველად შემოგვაქვს სამეცნიერო მიმოქცევაში XV ს.-ის ორი წარწერის: ალექსანდრე მეფის სამშენებლო წარწერისა და შალვა გალატოზთა ზედა მდეგის წარწერის პალეოგრაფიული პირები. წარწერების ტექსტები რამდენჯერმე არის გამოქვეყნებული მცირე უზუსტობებით. წინამდებარე სტატიაში ვიძლევი ზემორე წარწერების დაზუსტებულ წაკითხვებს.

წარმოგიდგენთ გიორგი გალატოზთა ზედა დამდეგის წარწერას რომელმაც პირველი ვიზიტისთანავე მიიქცია ჩვენი ყურადღება.

არქეოგრაფიული დახასიათება: ასომთავრული; 3 სტრიქონი; დარღვეულია წარწერის ჰორიზონტალური მდებარეობა, პირველი და მეორე სტრიქონები დაწერილია ასწვრივ მარცხნიდან მარჯვნივ, ხოლო მესამე სტრიქონი პირიქით, ქვემოთ ეშვება. ნაკვეთია დიდი ასოებით, ღრმა კვეთით, ტაძრის დასავლეთის კარის მარცხენა მხარეს, თვალსაჩინო ადგილას, იატაკიდან 198 სმ. სიმაღლეზე. უჭირავს ფართობი 45,0X25,0 სმ. ; ყველაზე დიდი გრაფემა „ქან“-ის ზომა: 7.6X2.3 სმ.; ყველაზე პატარა გრაფემა „ანი“-ის ზომა: 2.6X2.0 სმ.; წარწერა კიდურწაისრულია. გრაფემებისათვის დამახასიათებელია ლიგატურა. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი. გამოყენებულია შუაკვეცილობითი დაქარაგმება, ქარაგმის ნიშნია განივი კლაკნილი ხაზი.

Scanned Image

RUISIKVIRIKE-2-bagrat - Copy (2)

† ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე გ(იორგ)ი, სახელ{ი}თ ოდენ გალ(ა)ტ(ო)ზთა, | მეორედ აღმაშენ{ე}ბ{ე}ლთა, ზ(ედ)ა დამ|დეგი, და შ{ეუნდ}ნ{ე}ს ღ{მერთმა}ნ ა{მი}ნ.

პალეოგრაფიული დახასიათება: ასომთავრული წარწერა მოთავსებულია ორხაზოვან ბადეში. თუმცა, ბადის გარეთ გადასულია ონისა და განის ქუსლი, ქანის, ტარის, ხანის და ენის ფეხი. წარწერაში ანი ათჯერ დასტურდება, რვა შემთხვევაში თავი ტანს მოცილებულია და კიდურწაისრულია, ტანის ქვედა რკალი ზემოთკენაა მოკაუჭებული, მხოლოდ მეორე სტრიქონის ბოლო სიტყვაში ანი, სხვებისგან განსხვაებით, გადმოცემულია ძირს დაშვებული და ფართოდ გახსნილი ტანის ქვედა რკალით რომელიც ასევე წაისრულია. ზედა ხაზი ათივე შემთხვევაში მოხრილია, ბოლოები ქვემოთაა დაშვებული. დონი წარწერაში დადასტურებულია ხუთჯერ, ორი სხვადასხვა მახასიათებლებით. პირველ და მეორე სტრიქონებში დონი გადმოცემულია მრგვალი, ოდნავ წაგრძელებული, მუცლით, რომელიც მაღალი ყელით უკავშირდება ზედა განივ ხაზს, განივი ხაზი მოხრილია და ბოლოები დაშვებულია ქვემოთ; მესამე სტრიქონის პირველ და მეორე სიტყვაში კი დონის წაგრძელებული მუცელი, წაწვეტებულია რაც ამ გრაფემის განვითარების მომდევნო ეტაპს წარმოადგენს. ზედა განივი ხაზების მარცხენა კიდის ზემოთ აგრეხა დამახასიათებელია განის, ინის, ლასის, ენის, ზენისა და მანისათვის. ნარი წარწერაში დადასტურებულია ხუთჯერ, რომლის თავი საკმაოდ დაგრძელებულია და მორკალული. ონი წარწერაში ორჯერ დასტურდება და ორივე შემთხვევაში გადმოცემულია წაგრძელებული ტანით რომელსაც მარჯვნიდან აქვს მიდგმული ძირს დახრილი მარყუჟი. საინტერესოა თანის მოხაზულობა, რომელიც წარწერაში დადასტურებულია სამჯერ, ერთ შემთხვევაში მოცემულია კლასიკური ფორმით: მოგრძო ნახევარწრეს – მუცელს,  მარჯვნიდან მიდგმული აქვს მოკაუჭებული ტარი. ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში სამკბილა თანია მოცემული (მსგავსი შემთხვევა გვაქვს როკითის მაცხოვრის ეკლესიის დასავლეთის შესასვლელის თავზე არსებულ ასომთავრულ წარწერაში. სადაც ოსტატი ერთ შემთხვევაში ჩვეულებრივ კლასიკური ფორმით გადმოსცემს თანს, ხოლო სხვა შემთხვევაში სამკბილა თანია ამოკვეთილი) [3: 181]  .

ზემოთ ჩამოთვლილი პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა მსგავსებას იჩენს XVII საუკუნის ძეგლებთან (მჭადიჯვრის ეკლესიის სამშენებლო წარწერა (1668 წ.) [3: 35],   როკითის მაცხოვრის ეკლესიის წარწერა (1661 წ.) [3: 181],   ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის ეპიტაფია პირღებულის მონასტრიდან (1642 წ) [2: 195].  აქედან გამომდინარე, გიორგი გალატოზთა ზედა დამდეგის წარწერა XVII ს.-ით უნდა დათარიღდეს. თუმცა, შესაძლებელია წარწერის ქრონოლოგიური ჩარჩოების კიდევ უფრო დავიწროება. XVII ს.-ში რუისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი განაახლეს და შეამკეს დედოფალ მარიამ დედოფლის ბრძანებით. ამის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „სამხრით ურბნისისა არს რუისის მთის ძირს, დაბა დიდი რუისი და ეკლესია ღვთაებისა, გუმბათიანი, დიდი, დიდშენი……. შემუსრა ლანგთემნურ; აღაშენა ეკლესია ესე ო’ვ მეფემან ალექსანდრე. შემდგომად კუალად განაახლა და შეამკო პ’თ დედოფალმან მარიამ“ [1: 373-374].

როგორც ჩანს, სწორედ ამ პერიოდის სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა გიორგი გალატოზთა ზედა დამდეგი (ტერმინი „გალატოზი“, `გალატოზთუხუცესი“ ადრინდელი ფორმაა იგი გვხვდება შოროთას, ბედიის, დიხაზურგის ეპიგრაფიკულ ძეგლებში. მოგვიანებით გვხვდება სხვა ტერმინებიც: „ზედამდგომელი“, ან ზედამდგომი“. გვიანფეოდალურ ხანაში მშენებელი თავისთავს უმეტესად ოსტატს უწოდებს. მაგ.; ბარაკონის, მანგლისის, ვაშლოვანის, და სხვა წარწერებში. მის პარალელურად როსტომ მეფის დროს ხმარებაში შემოდის სპარსული სიტყვა „სარაიდარი“, რომელმაც ქართული ხუროთმოძღვარი შეცვალა. იხ. წგნ. ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი. გამოსაცემად მოამზადეს და გამოკვლევები დაურთეს: ვალერი სილოგავამ, ლია ახალაძემ, მერაბ ბერიძემ. თბ. 2012 წ. გვ.154-155).   აქედან გამომდინარე წარწერაც მარიამ დედოფლის ქართლში მოღვაწეობის პერიოდით უნდა განისაზღვროს. მარიამ დადიანი გახლდათ ქართლის მეფის როსტომ ხანის მეუღლე და თანამოსაყდრე. იგი ქართლის დედოფალი გახდა 1634 წელს. როსტომ ხანის გარდაცვალების შემდეგ კი შაჰმა ქართლის სამეფო ტახტი ვახტანგ მუხრან-ბატონს უბოძა და უბრძანა ცოლად მარიამ დედოფალი შეერთო. ვახტანგ V გაშორდა თავის მეუღლეს როდამ ყაფლანის ასულ ორბელიანს, სულხან საბას მამიდას და ცოლად მარიამ დედოფალი შეირთო. როდამ ორბელიანი შემონაზვნებულა ეკატერინეს სახელით და გარდაიცვალა 1681 წ. დაკრძალულია რუისის ტაძარში [9: 40].

მარიამ დადიანმა ბევრი იღვაწა ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებისა და ქართული მწიგნობრობის აღორძინებისათვის. სახსრებს არ იშურებდა გატაცებულ ჯვარ-ხატთა თუ ხელნაწერი წიგნების გამოსახსნელად, ახალი საერო თუ საეკლესიო წიგნების გადასანუსხად (სწორედ მის სახელს უკავშირდება XVII ს.-ში გადაწერილი, ქართლის ცხოვრების ერთ-ერთი ხელნაწერი, რომელიც მარიამისეული ქართლის ცხოვრების სახელით არის ცნობილი). მისი ბრძანებითა და საფასით არის აღდგენილ-განახლებული თუ აშენებული აღმოსავლეთ საქართველოს არაერთი ტაძარი.

აზრთა სხვადასხვაობა არსებობს მარიამ დედოფლის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით. წყაროები სხვადასხვა თარიღს ასახელებს თუმცა ყველა მათგანი XVII ს.-ის 80-იანი წლების პირველ ნახევარში თავსდება [9: 53-54].   მაშასადამე,  მარიამ დედოფლის ქართლში მოღვაწეობის პერიოდი XVII ს.-ის 30-იანი წლებიდან 80-იანი წლების პირველ ნახევრამდე პერიოდს მოიცავს. აქედან გამომდინარე, წარწერაც იმავე პერიოდით უნდა დათარიღდეს. თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით საკითხს და გადავხედავთ მარიამ დედოფლის ინიციატივით  წარმოებულ სამშენებლო სამუშაოების ქრონოლოგიას აღნიშნულ რეგიონში, შეგვიძლია კიდევ უფრო დავავიწროვოთ ეს ქრონოლოგიური ჩარჩო. მარიამ დედოფლის ბრძანებით ტაძრის აგების შესახებ მოგვითხრობს ზღუდერის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ასომთავრული სამშენებლო წარწერა (XVII ს. II ნახევარი) [12: 138] , არადეთის ეკლესიის სამშენებლო წარწერა (1666 წ.) [5: 130],  და ურბნისის ტაძრის მხედრული სამშენებლო წარწერა (1668 წ.) [6: 93].  აქედან გამომდინარე, მარიამ დედოფლის ინიციატივით ამ რეგიონში ეკლესია-მონასტრების აღდგენითი სამუშაოები უწარმოებიათ XVII ს.-ის 60-70-იან წლებში. საფიქრებელია, რომ ამავე პერიოდში უნდა ჩაეტარებინათ აღდგენითი სამუშაოები რუისის ტაძრის კომპლექსზეც. აქედან გამომდინარე, წარწერაც XVII ს.-ის 60-70-იან წლებით შეიძლება დათარიღდეს.

რუისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან სამეცნიერო საზოგადოებისათვის ცნობილია შალვა გალატოზთა ზედა მდეგის წარწერა, რომელიც მოთავსებულია ტაძრის სამხრეთ ფასადზე, შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს, იატაკის დონიდან 220 სმ.-ზე. წარწერის ტექსტი რამდენჯერმე არის გამოქვეყნებული, თუმცა მისი დეტალური აღწერა და პალეოგრაფიული ასლი პირველად შემოგვაქვს სამეცნიერო ბრუნვაში, ასევე კორექტურა შეგვაქვს წაკითხვაში.

არქეოგრაფიული დახასიათება: ასომთავრული; 4 სტრიქონი; დაცული წარწერის ჰორიზონტალური მდებარეობა. ნაკვეთია დიდი ასოებით, ღრმა კვეთით, ტაძრის სამხრეთ კარის მარცხენა მხარეს, თვალსაჩინო ადგილას, იატაკიდან 220 სმ. სიმაღლეზე. უჭირავს ფართობი 45,0X27,0 სმ. ; ყველაზე დიდი გრაფემა „განი“-ის ზომა: 14.0X6.5 სმ.; ყველაზე პატარა გრაფემა „ანი“-ის ზომა: 3.0X2.5 სმ.; წარწერა კიდურწაისრულია. გრაფემებისათვის დამახასიათებელია ლიგატურა. გამოყენებულია ხმოვანკვეცილობითი და შუაკვეცილობითი დაქარაგმება, ქარაგმის ნიშნია სწორი განივი ხაზი.Scanned Image

RUISIKVIRIKE-2-bagrat - Copy (3) - Copy

გ{ა}ლ{ა}ტოზთ | ზ{ედ}ა მდეგსა | შ(ა)ლვას შ{ეუნდ}ნ{ე}ს | ღ(მერთმა)ნ ა(მი)ნ.

პალეოგრაფიული დახასიათება: ასომთავრული წარწერა მოთავსებულია ორხაზოვან ბადეში, მხოლოდ განის ქუსლი ჩამოდის ოდნავ ქვემოთ. შესრულებულია ღრმა, მკაფიო კვეთით. მაღალი გრაფემები გამოყვანილია ლამაზი ხელით, დაფერილია სინგურით, ხასიათდება ასომთავრულისთვის დამახასიათებელი მრგვალი ფორმებით. წარწერაში ანი ოთხჯერ დასტურდება, ოთხივე შემთხვევაში თავი ტანს მოცილებულია, გრაფემა გადმოცემულია ორი ნახევარწრის სახით ზედა ნახევარწრე ოდნავ პატარაა, ნახევარწრეების მარცხენა კიდეები წაისრულია. წარწერაში დონი მეორე სტრიქონის მეორე სიტყვაში დასტურდება, პატარა გრაფემაა და ჩაწერილია მანის მუცელში, დაზიანებულია, გადმოცემულია მრგვალი ოდნავ წაგრძელებული მუცლით, ზედა განივი ხაზი კი არ იკითხება. ზედა განივი ხაზების მარცხენა კიდის ზემოთ აგრეხა დამახასიათებელია განის, ლასის,  ზენისა და მანისათვის. ნარი წარწერაში დადასტურებულია სამჯერ, რომლის თავი საკმაოდ დაგრძელებულია და მორკალური. ონი გადმოცემულია წაგრძელებული ტანით რომელსაც მარჯვნიდან აქვს მიდგმული ძირს დახრილი მარყუჟი.

ტექსტის დადგენა ანალიზი: წარწერა მცირედ დაზიანებულია, თუმცა ტექსტის წაკითხვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. იგი რამდენჯერმეა გამოცემული. ძირითადი ტექსტის წაკითხვა ეჭვს არ იწვევს, თუმცა მეორე სტრიქონის მეორე სიტყვას მკვლევრები განსხვავებულად კითხულობენ. მარი ბროსე რომელმაც პირველმა გამოსცა ტექსტი ქარაგმების გახსნით პირდაპირ კითხულობს “მომგესა” თუმცა სქოლიოში აღნიშნავს რომ წერია სიტყვა “მოგესა” [13: 7] , ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი 1907 წელს გამოცემულ წიგნში: „არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი”, კითხულობს “მოეგსა” [7: 107] , გიორგი ჩუბინაშვილმა კი (რომელიც პირველად 1923 წ.  ეწვია ტაძარს,  1938-1940 წლებში კი მისი ხელმძღვანელობით აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს ლევან რჩეულიშვილმა და ნიკო ჩუბინაშვილმა) გაიზიარა მარი ბროსესეული წაკითხვა და ფიქრობს რომ სწორი წაკითხვაა “მომგესა” [10: 466]. შემდგომში თუ კი ვინმე შეეხო აღნიშნულ საკითხს მექანიკურად გაიმეორა წარწერის ერთი ან მეორე წაკითხვა.

ჩვენი აზრით მკვლევრები შეცდომაში შეიყვანა მანის მუცელში ჩაწერილი, დაზიანებული მეორე გრაფემის არასწორმა წაკითხვამ, რომელსაც ისინი კითხულობდნენ როგორც გრაფემა ონი. თუ დავუშვებთ რომ დაზიანებული გრაფემა ონია, ასეთ შემთხვევაში ნამდვილად გამოვა სიტყვა “მოეგსა” ანუ თაყაიშვილისეული წაკითხვა, მაგრამ რადგან ამ სიტყვის მნიშვნელობა გაუგებარია, მკვლევარებმა ადგილები შეუცვალეს ენს და განს და  მიიღეს სიტყვა – “მოგესა”, რომელიც გახსნეს როგორც – “მო[მ]გესა” იგივე “მომგებელსა”. ჩვენი აზრით ამ შემთხვევაში სიტყვამ კი შეიძინა მნიშვნელობა, მაგრამ ბუნდოვანი გახადა ტექსტის შინაარსი: “გალატოზთა ზედა მომგესა შალვას… “.

ვფიქრობთ, უფრო მართებული უნდა იყოს თუ მანის მუცელში ჩაწერილ გრაფემას წავიკითხავთ როგორც დონს (რაც ეჭვგარეშეა), მაშინ მივიღებთ სიტყვა “მდეგსა” და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება – “გალატოზთა ზედა მდეგსა შალვას შეუნდნეს ღმერთმან”.

რაც შეეხება წარწერის დათარიღებას; შალვა კალატოზთა ზედა მდეგის წარწერა ალექსანდრე მეფის სამშენებლო წარწერის თანადროულია და იმავე ოსტატის მიერაა შესრულებული. ამდენად, მისი ქრონოლოგია ალექსანდრე დიდის მეფობის წლებით (1412-1442 წწ.) უნდა განისაზღვროს, უფრო კონკრეტულად კი XV ს.-ის მეორე მეოთხედით, მას შემდეგ რაც ქვეყანა მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდა და მეფემ ქვეყნის აღმშენებლობას მიჰყო ხელი. 1425 წ. მან შემოიღო სპეციალური დროებითი საკომლო გადასახადი რომელიც განკუთვნილი იყო დანგრეული ეკლესია-მონასტრებისა თუ ციხეების აღსადგენად. ხოლო გააუქმა 1440 წელს.

შედარებისათვის აქვე მოვიტანთ ალექსანდრე დიდის სამშენებლო წარწერას, რომელიც მოთავსებულია კარიბჭეში, ტაძრის დასავლეთის შესასვლელი კარის თავზე, იატაკის დონიდან 278 სმ. სიმაღლეზე.

წარწერა კარგად არის ცნობილია სამეცნიერო საზოგადოებისათვის იგი რამდენჯერმეა გამოქვეყნებული სხვადასხვა მკვლევართა მიერ თუმცა პალეოგრაფიული პირი პირველად შემოგვაქვს სამეცნიერო წრე-ბრუნვაში, ასევე მცირე კორექტურა შეგვაქვს წაკითხვაში, თუმცა ეს არ ცვლის წარწერის საერთო შინაარსს.

არქეოგრაფიული დახასიათება: ასომთავრული; 2 სტრიქონი; დაცულია წარწერის ჰორიზონტალური მდებარეობა. ნაკვეთია დიდი ასოებით, ღრმა კვეთით, კარიბჭეში, ტაძრის დასავლეთის შესასვლელი კარის თავზე, იატაკის დონიდან 278 სმ. სიმაღლეზე. უჭირავს ფართობი 235,0X36,0 სმ. ; ყველაზე დიდი გრაფემა „ხან“-ის ზომა: 17.5X6.5 სმ.; ყველაზე პატარა გრაფემა „ანი“-ის ზომა: 4.0X4.0 სმ.; წარწერა კიდურწაისრულია. გრაფემებისათვის დამახასიათებელია ლიგატურა. განკვეთილობის ნიშანია ორწერტილი. გამოყენებულია ხმოვანკვეცილობითი და შუაკვეცილობითი დაქარაგმება, ქარაგმის ნიშნია კლაკნილი განივი ხაზი.

 Scanned Image

RUISIKVIRIKE-2-bagrat - Copy (3)

ქ: ზე ადიდენ ღ(მერთმა)ნ მეფ{ე}თა მეფ(ო)ბა დიდისა ალ{ე}ქს{ა}ნდრეს{ი} | რ(ომლ)ისა მ(იე)რ კ(უალა)დ აღეშენა ს(ა)ყდ(ა)რი ესე ად{ი}დენ ღ{მერთმა}ნ და ს(უ)ლი მ(ა)თი კ{ურთ}ხ{ეუ}ლ ყოს.

 წარწერის პალეოგრაფიულ დახასიათებაზე აღარ შევჩერდებით, რადგან ალექსანდრეს სამშენებლო წარწერა და შალვა კალატოზთა ზედა მდეგის წარწერა ერთი ხელითაა შესრულებული და ზუსტად იგივე მახასიათებლები აქვს, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი შალვა კალატოზთა ზედა მდეგის წარწერის განხილვისას. ამიტომაც პირდაპირ გადავალთ ტექსტის ანალიზზე.

ტექსტის დადგენა ანალიზი: წარწერა მოთავსებულია ორხაზოვან ბადეში. შესრულებულია ღრმა, მკაფიო კვეთით. მაღალი გრაფემები გამოყვანილია ლამაზი ხელით და დაფერილია სინგურით, რომელთაც ახასიათებს ასომთავრულისთვის დამახასიათებელი მრგვალი ფორმებით. წარწერა მცირედ დაზიანებულია, თუმცა ტექსტი გარკვევით იკითხება. პირველი სტრიქონი ჩაწერილია ორ პარალელურ ხაზს შორის რომელიც ოსტატს გაუვლია რათა წარწერის კვეთის დროს დაეცვა ჰორიზონტალობა.

იგი რამდენჯერმეა გამოცემული. მარი ბროსეს წარწერა გადმოცემული აქვს ქარაგმების გახსნით [13: 12], ექვთიმე თაყაიშვილი კი დაქარაგმებულ სიტყვებს ზოგჯერ ისე გადმოსცემს როგორც წარწერაშია, ზოგჯერ კი ქარაგმების გახსნით, რაც ცოტა გაურკვევლობას იწვევს (ტექსტის აზრი არ იცვლება მაგრამ არ ირკვევა რეალურად რა გრაფემებს ხედავდა მკვლევარი) [7: 106]. გიორგი ჩუბინაშვილს შედარებით ზუსტად აქვს გამოცემული ტექსტი თუმცა ორი მცირე უზუსტობა აქაც შეინიშნება [10: 462].   მეორე სტრიქონის პირველ სიტყვა დაქარაგმებულია შემდეგი სახით: “რის῀ა”, ხოლო გიორგი ჩუბინაშვილი კითხულობს “რლ῀ისა”, ანუ ლასი წარწერაში არ არის, და მეორე: იმავე სტრიქონის მეხუთე სიტყვა დაქარაგმებულია “სყდ῀რი”, ხოლო გიორგი ჩუბინაშვილი კითხულობს – “ს῀ყდარი”. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს შენიშვნები ტექსტის შინაარსს არ ცვლის, თუმცა საყურადღებოა.

ამდენად, ჩვენ მიერ ზემოთ განხილული წარწერების სახით, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოგვაქვს დღემდე უცნობი გიორგი გალატოზთა ზედა დამდეგის XVII ს-ის 60-70-იანი წლების წარწერა. ასევე ალექსანდრე მეფის სამშენებლო წარწერისა და შალვა გალატოზთა ზედა მდეგის წარწერის პალეოგრაფიული ასლები, არქეოგრაფიული და პალეოგრაფიული დახასიათებით. ასევე, გავასწორეთ დღემდე არსებულ გამოცემებში ტექსტის წაკითხვისასა დაშვებული შეცდომები.

 ზემოთ განხილული სამივე წარწერა მნიშვნელოვანი და საინტერესოა, როგორც ეპიგრაფიკული ძეგლი ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი პალეოგრაფიული ნიშნებით და თავისი საკუთარი, ინდივიდუალური თავისებურებებით. ისინი შინაარსობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავენ თანადროული საქართველოს ისტორიის შესასწავლად.

 გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა

  1. ბატონიშვილი ვახუშტი; აღწერა სამეფოსა საქართველოისა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი
  2. ბახტაძე ნ., კუპრაშვილი ნ., მირიანაშვილი ლ.; ზენდერი კ.; ჯოჯუა თ.; პირღებულის მონასტერი, 1989 და 2002-2003 წლების კომპლექსური სამეცნიერო ექსპედიციის შედეგები, თბილისი
  3. ბერიძე ვ.; XVI-XVIII სს. ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, 1994.
  4. დროებითი მეთვალყურე. სოფელი რუისი. იხ.: გაზ. `ივერია” 1903 წ. (14 აგვისტო). #173.
  5. ზაქარაია პ.; საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები. თბ.1973.
  6. ზაქარაია პ.; ნაქალაქარ ურბნისის ხუროთმოძღვრება. 1965.
  7. თაყაიშვილი ექ.; არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. წგ. I. ტფ. 1907.
  8. სიკოძე გარსო. სოფელი რუისი, მარიამობისთვის 11-ს. იხ.: გაზ. „ივერია“ 1886 წ. (17 აგვისტო). #178.
  9. ტუღუში აბ.; ცხოვრება და ღვაწლი დედოფალ მარიამ დადიანისა. თბ. 1992 წ.
  10. ჩუბინაშვილი გ.; რუისის ტაძრის ისტორიისათვის. ჟურნ. ენიმიკის მოამბე. V-VI, თბ.1940.
  11. ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი. გამოსაცემად მოამზადეს და გამოკვლევები დაურთეს: ვალერი სილოგავამ, ლია ახალაძემ, მერაბ ბერიძემ. თბ.2012.
  12. Меписашвили Р.  Цинцадзе  В. Архитектура нагорной части – исторической провинции Грузии – Шида Картли. Тбилиси, 1975.
  13. Brosset. Rapports sur un voyage archeologique dans la Georgie et dans l’Armenie, execute en 1847-1848. (sixieme rapport). 1851.

 (გადაცემულია დასაბეჭდად ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომებში ტ.XIV-XV, 2014-2016წ.) / Proceedings of the Institute of History and Ethnology, XIV-XV, 2015-2016 (In print).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s