არსენ მანგლელის 1667 წლის სამშენებლო წარწერა მანგლისის ტაძრიდან და მისი მნიშვნელობა აბაშიშვილთა ფეოდალური სახლის ისტორიისათვის

თამაზ გოგოლაძე

წინამდებარე ნაშრომში განვიხილავთ მანგლისის ტაძრის გალავნის აღმოსავლეთ კედელში არსებული შესასვლელის თავზე მოთავსებულ, 1667 წლის არსენ მანგლელის სამშენებლო წარწერას. შევეცდებით კიდევ ერთხელ ქართული  დიპლომატიკური ძეგლების საფუძველზე აღნიშნულ სამშენებლო წარწერაში მოხსენიებული არსენ მანგლელის ფეოდალური სახლის კუთვნილების საკითხის გარკვევას. ქართულ ისტორიოგრაფიაში (გურამ ჯანდიერი, გულიკო მჭედლიძე) დღემდე მყარად არის დამკვიდრებული შემდეგი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ამ სამშენებლო წარწერაში მოხსენიებულ არსენ მანგლელს ბარათაშვილთა ერთ-ერთ განშტოებას, სახელდობრ, გერმანოზიშვილთა ფეოდალურ ოჯახს მიაკუთვნებენ. ჩვენი აზრით, ქართულ სპეციალურ ლიტერატურაში დამყარებული აღნიშნული მოსაზრება არ შეესაბამება რეალობას და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გადახედვას მოითხოვს.

წარმოვადგენთ აღნიშნული 1667 წლის არსენ მანგლელის სამშენებლო წარწერის პუბლიკაციებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ არსენ მანგლელის სამშენებლო წარწერა დღემდე მრავალგზის იქნა გამოცემული.

პირველად, აღნიშნული წარწერა 1837 წელს გამოიცა მარი ბროსეს (1802-1880 წწ.) მიერ. მეცნიერი განიხილავს რა მანგლისის ტაძრის სხვა წარწერებს, სულ ბოლოს ეხება არსენ მანგლელის წარწერას და დასძენს, რომ ამ წარწერის შესახებ ცნობა მიაწოდა მ. ჩუბინაშვილმა. ამის შემდეგ კი მოჰყავს მ. ჩუბინაშვილის მიერ გაგზავნილი წარწერის ტექსტის ქართული გადმონაწერი და მისი ფრანგულ ენაზე პერეფრაზირება:

“ღმერთო    შეიწყალე   ამისი   ამშენებელი,   მანგლელი   ეპისკოპოსი   არსენი,   ოსტატი თეიმურაზისა. ქორონიკონს: ტნ:

Seigneur, air pitié d’Arseni, constructeur de cet édifice, éveque de Manglis, et de l’artisan Théimouraz. En l’an 350 – 1662.” (Brosset 1839: 431).

ამის შემდეგ ავტორი გვამცნობს, რომ მისთვის მ. ჩუბინაშვილს არაფერი არ უთქვამს ამ წარწერის წარმომავლობის შესახებ, უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ, მისი ადგილ- მდებარეობის შესახებ.

როგორც ვხედავთ, მ. ჩუბინაშვილის მიერ მ. ბროსესათვის გაგზავნილ ჩვენთვის საინტერესო წარწერის მიხედვით, მაშენებელი არსენ მანგლელი, ოსტატი თეიმურაზისა ღმრთისაგან შენდობას ითხოვს. აღნიშნულ პუბლიკაციაში ამ წარწერას ბოლოში უზის ქორონიკონი   ტნ.   ამის   მიუხედავად,   მ.    ბროსემ   მის    წინ    განთავსებული     სიტყვის

“ქორონიკონს” ბოლო გრაფემა “ს” დაუმატა შემდგომ ორ გრაფემას “ტნ”-ს და ყოველივე ამის საფუძველზე ამ წარწერის შესრულების თარიღად 1662 წელი მიიჩნია. თუმცა, აქვე დავძენთ, რომ ისტორიკოსს ამის საშუალებას მისთვის მ. ჩუბინაშვილის მიერ გაგზავნილი წარწერის ტექსტის გადმონაწერი არ აძლევდა, რადგან აღნიშნული გადმონაწერიდან საკმაოდ ნათალად ჩანს, რომ წარწერის ბოლო ორი გრაფემა “ტნ” წინა სიტყვისაგან ორწერტილით არის გამოყოფილი.

მარი ბროსეს შემდეგ აღნიშნული წარწერა გამოქვეყნდა 1848 წლის გაზეთ “Кавказ”-ის 37-ე ნომერში ი. სლივიცკის მიერ, რომელიც გთავაზობს ამ წარწერას და მის სიტყვა- სიტყვით რუსულ თარგმანს. ვიძლევით აღნიშნული წარწერის ი. სლივიცკისეულ წაკითხვას:

“ღმერთო შეიწყალე ამისი ამშენებელი მანგლელი ეფისკოპოზი არსენ ოსტატი თებერვლის გ. ქორონიკოს სტნ

Господи помылуи этого строителя, Манглискаго Епископа Арсенḭя и архитектора Февраля 3- го г. хрон. 355 (1667 по Р.Х.)” (Сливицкий 1848: 148).

ი. სლივიცკიმ მ. ბროსესაგან განსხვავებით, 1848 წელს თავად მოინახულა მანგლისის ტაძარი და შესაბამისად ჩვენთვის საინტერესო სამშენებლო წარწერაც უშუალოდ ნახა. მას წინა ავტორისაგან განსხვავებით, არსენ მანგლელის წარწერა 6 სტრიქონად აქვს მოცემული. აღნიშნული წარწერის ი. სლივიცკისეული წაკითხვა შინაარსობრივი თვალსაზრისთაც განსხვავდება მ. ბროსეს წაკითხვისაგან, რაც გამოიხატება შემდეგში: თუ, ბროსესთან სიტყვა “ეპისკოპოსი” გხვდება, სლივიცკისთან ეს სიტყვა “ეფისკოპოზი”-ს სახით არის წარმოდგენილი. მ. ბროსესთან მანგლელის სახელი არსენი სახელობით ბრუნვაშია, ხოლო ი. სლივიცკისთან წოდებით ბრუნვაში “არსენ” გვხვდება. სიტყვა “ოსტატი”-ს შემდეგ მ. ბროსე კითხულობს სიტყვა “თეიმურაზისა”-ს, ხოლო ი. სლივიცკი კი ამ სიტყვის ნაცვლად სიტყვა “თებერვლის”. უფრო მეტიც, ი. სლივიცკიმ ამ სიტყვის შემდეგ კიდევ  ერთი გრაფემა “გ” ამოიკითხა. მკვლევარი წინა ავტორისაგან განსხვავებით, სიტყვა  ქორონიკონს “ნ” გრაფემის გარეშე წარმოადგენს. რაც შეეხება ქორონიკონის აღმნიშვნელ გრაფემებს ორივე ავტორი ერთნაირად კითხულობს და მის აღმნიშვნელად “სტნ” გრაფემებს გვთავაზობენ. თუმცა აქ დასაზუსტებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ თუ, მ. ბროსემ “ტნ” გრაფემებს წინა სიტყვა “ქორონიკონს” ბოლო გრაფემა “ს” დაუმატა, ი. სლივიცკის აღნიშნული სამი გრაფემა “სტნ” ქორონიკონის აღნიშვნის მიზნით ერთად აქვს მოცემული, თუმცა მას მ. ბროსესგან განსხვავებით, აღნიშნული წარწერის თარიღად 1667 წლის 3 თებერვალი მიაჩნია. მისი აზრით, “სტნ” გრაფემათა სისტემა რატომღაც მაინცდამაინც 355 უდრის, შესაბამისად მკვლევარი ამ ეპიგრაფიკულ ძეგლს 1667 წლის 3 თებერვლით ათარიღებს, როცა მ. ბროსემ სავსებით სამართლიანად “სტნ” გრაფემათა საფუძველზე მიღებული 350 ქორონიკონი (1312+350=1662) 1662 წელს შეუსაბამა.

ი. სლივიცკის შემდეგ ჩვენთვის საინტერესო სამშენებლო წარწერის შესახებ საუბრობს ა. უმანეცი თავის 1852 წლის სტატიაში “Древний храм в Манглисе”. მკვლევარი ეყრდნობა რა ვახუშტი ბატონიშვილის (1696-1757 წწ.) ცნობებს, აცხადებს, რომ მანგლისის ტაძარი XVIII საუკუნის დასაწყისში ვერ გადაურჩა დარბევას. ა. უმანეცი აღნიშნავს რომ: “ქართველი ისტორიკოსის თქმით, (ვახუშტი ბატონიშვილს გულისხმობს – თ.გ.) მანგლისი XII საუკუნის დასაწყისში დავით III მეფობის დროს, XII საუკუნის დასაწყისში დაზარალდა, XVII საუკუნის დასაწყისში ქართლის მეფის სიმონ II-ის   ზეობის დროს. ამ სიტუაციამ ბიძგი მისცა    არსენეპისკოპოსს ეკლესია რამდენიმე ადგილას გაემაგრებინა და იგი ქვის გალავნით დაეცვა. კარიბჭის ახლოს გარეთ, მან პატარა ეკლესია ააშენა. ეს გალავნები ამ დრომდე სავსებით არ იყო. კარების თავზე მოიპოვება შემდეგი ქართული წარწერა, ახალი ხელით, შესრულებული ქვაზე: Господи! помилуй строителя этого, Манглисскаго епископа мастера Арсенḭя, февраля 3 г. хрон. 355 (1667 по Р.Х.)” (Уманец 1852: 466).

როგორც ვხედავთ, ა. უმანეცი სწავლულ ბატონიშვილზე დაყრდნობით აღწერს მონასტრის ისტორიას, გარდა ამისა საუბრობს მანგლელი ეპისკოპოსის არსენის სამშენებლო საქმიანობაზე და სულ ბოლოს მოაქვს ჩვენთვის საინტერესო წარწერის მისეული წაკითხვის რუსული ვარიანტი. იგი ი. სლივიცკის მსგავსად, მ. ბროსესაგან განსხვავებით, არსენ მანგლელის სამშენებლო წარწერას 1667 წლის 3 თებერვლით ათარიღებს. თუმცა აქვე დავძენთ, რომ ზემო ორი ავტორისაგან განსხვავებით, მას  არ მოაქვს აღნიშნული წარწერის ქორონიკონის აღმნიშვნელი გრაფემები, რის საფუძველზეც მან ძეგლის მაინცდამაინც 1667 წლის 3 თებერვლით დაათარიღა.

ამის შემდეგ ი. სლივიცკი კვლავ მოუბრუნდა მანგლისის ეკლესიის შესაწვლის საქმეს და 1902 წელს წალკე გამოცემულ ბროშურაში ცალკე თავად გვხდება მისი გამოკვლევა მანგლისის ტაძრის შესახებ სახელწოდებით “Древнḭй храмъ въ манглисъ”, სადაც იგივე აზრი აქვს გატარებული, რაც თავის 1848 წლის სტატიაში გამოთქვა. თუმცა ერთი გასნხვავებით, ავტორი აქ წარწერის სულ სხვაგვარ წაკითხვას გვთავაზობს:

“ღმერთო შეიწყალე ამისი ამშენებელი მაძვლელი ეფისკოპოზი არსენ ოსტატი თებერვლის ვ. ქარონიკომ ხტნ

Вотъ буквальный ея переводъ: Господи помылуи этого строителя, Манглискаго Епископа Арсенḭя и архитектора, Февраля 3-го г. хрон. 355 (1667 по Р.Х.)” (Сливицкий 1902: 26-27).

აქ, როგორც ვნახეთ, ი. სლივიცკი მის წინა პუბლიკაციასაგან განსხვავებით, ჩვენთვის საინტერესო   წარწერას   სულ   სხვაგვარად   კითხულობს.   აღნიშნული   წარწერის   მესამე სტრიქონზე სიტყვა “მანგლელის” ნაცვლად, სიტყვა “მაძვლელი”-ს კითხულობს. სულ ბოლო სტრიქონზე სიტყვა “ქორონიკონი”ს მაგივრად, სიტყვა “ქარონიკომ”-ს. სულ ბოლოს შევნიშნავთ, რომ თუ წინა წაკითხვაში ქორონიკონის აღმნიშვნელად კითხულობდა შემდგომ სამ გრაფებას “სტნ”, აქ უფრო შორს წავიდა და სიტყვა “ქარონიკამ”-ის შემდეგ კითხულობს “ხტნ” გრაფემათა კონსტრუქციას და რაც ყველაზე გასაკვირია, არსენ მანგლელის სამშენებლო წარწერას იმავე – 1667 წლის 3 თებერვლით ათარიღებს.

ი. სლივიცკის შემდეგ მანგლისის წარწერები გამოაქვეყნა ექვთიმე თაყაიშვილმა (1863- 1953 წწ.) თავის 1913 წლის ნაშრომის “Археологическия Экскурсии, Разыскания и Заметки”-ის IV ტომში, სადაც ცალკე თავი აქვს მიძღვნილი მანგლისის ტაძრის წარწერებს. აღნიშნულ წარწერებს შორის მეცნიერს მოტანილი აქვს ჩვენთვის საინტერესო არსენ მანგლელის სამშენებლო წარწერაც. მის თქმით, “Вь стень ограды Манглисскаго храма направо оть воротъ вдьланъ каменъ съ вульгарною позднею надписью некрасивыми строчными мхедрули. Надпись давно извъстна и правильно разобрана и у Броссе:

ქ ღ  ̃თო შეიწყალე               Господи, помилуй

ამისი ამშენებე                       строителя сего

ლი მნგლელ                         манглисскаго

ეფისკოპოზი                          епископа ма-

არსენ ოსტატ                         стера Арсения,

ი თებერ გ ქკ  ̃ს ტნე              февраля 3-го, вь корониконь

355 (=1667).

 

Ръчь идëть, въроятно, о построикь воротъ ограды. Это единственная поздная надпись, касаюшаяся Манглисскаго храма. Она во всякомъ показываетъ, что во второй половинь XVII въка жизнь вокругъ храма и вообше на Манглись не замирала” (Такаишвили 1913: 140-141).

ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით, მანგლისის ტაძრის კარიბჭის მარჯვენა მხარეს, გალავნის კედელში ჩადგმული გვიანი მდარედ შესრულებული მხედრული წარწერა დიდი ხანი ცნობილი ყოფილა და ის სწორად ყოფილა გარკვეული ბროსესთან. ამის შემდეგ, როგორც ზემოთ ვაჩვენთ, მოჰყავს თვით წარწერის ტექსტი. მართალია, ე. თაყაიშვილი აღნიშნავს, რომ  სწორად იქნა  ეს წარწერა  გაშიფრული მ. ბროსეს  მიერ,  თუმცა  მის  და   მ. ბროსესეულ წაკითხვას შორის დიდი სხვაობაა, რაც გამოიხატება შემდეგში: წინა მკვლევართაგან განსხვავებით, ე. თაყაიშვილი კითხულობს “ქ” გრაფემას ანუ ქანწილს, გარდა ამისა, მის წაკითხვაში ამის შემდეგ ამოკვეთილი სიტყვა ღმერთო “ღ ̃თო” დაქარაგმებულია, რაც წინა ავტორებთან ყოველგვარი ქარაგმის გარეშე არის წარმოდგენილი. აგრეთვე თვალში მოსახვედრია ექვთიმეს მიერ წარწერის მესამე სტრიქონზე ამოკითხული სიტყვა “მნგლელ”, რასაც ზემოთჩამოთვლილი ავტორები პირდაპირ “მანგლელი”-ს სახით კითხულობდნენ. აქვე ავღნიშნავთ, რომ თუ ი. სლივიცკისთან მაშენებელი მეორე სტრიქომზეა მთლიანად მოთავსებული, ექვთიმესთან აღნიშნული სიტყვის ბოლო ორი გრაფემა მესამე სტრიქონზეა გადატანილი. სულ ბოლოს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ე. თაყაიშვილის მიერ არსენ მანგლელის წარწერის ქორონიკონის ამღნიშვნელ სამი გრაფემის ახალ წაკითხვაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ე. თაყაიშვილი წინა მკვლევათაგან განსხვავებით, აღნიშნული წარწერის ქორონიკონის აღმნიშვნელად “ტნე” გრაფემებს კითხულობს, რაც მართალაც უდრის (1312+355=1667 წ.) 1667 წელს. ჩვენ დიდ გაკვირვებას იწვევს ე. თაყაიშვილის მხრიდან ის განცხადება, რომ არსენ მანგლელის სამშენებლო წარწერა მ. ბროსეს მიერ სწორადაა გაშიფრული, რადგან, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, ამ სამშენებლო წარწერის ე. თაყაიშვილისეული წაკითხვა წინა ორი ავტორისაგან განსხვავებით არა მარტო ტექსტოლოგიური თვალსაზრისით განსხვავდება, არამედ ეპიგრაგიკული ძეგლის თარიღის აღმნიშვნელი ქორონიკონის წაკითხვაშიც.

გარდა ამისა, ე. თაყაიშვილი წარწერის ტექსტის შინაარსითაც დაინტერესდა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ალბათ წარწერაში საუბარია გალავნის კარის აშენებაზე. მისი აზრით, ეს ყოველ შემთხვევაში მიუთითებს იმაზე, რომ XVII საუკუნის II ნახევარში მონასტრის ირგვლივ და საერთოდ მანგლისში სიცოცხლე არ ჩამკვდარა.

ექვთიმეს შემდეგ ჩვენთვის საინტერესო სამშენებლო წარწერა აკაკი  შანიძის განხილვის საგანი გახდა. მეცნიერმა 1926 წლის მიმოხილველის I ნომერში გამოსცა თავისი ნაშრომი სახელწოდებით “კვლავ მანგლისის წარწერების შესახებ”. მკვლევრის ძირითად ინტერესს  მონასტრის  აღმოსავლეთ  ფასადზე  სამხრეთ  კარიბჭის  გარედან   ამოკვეთილი “დოღომაის ძეთი”-ს წარწერა წარმოადგენდა. მან აღნიშნული წარწერის გარდა   გადმოიღო ჩვენთვის საინტერესო არსენ მანგლელის წარწერაც, რომელიც ნაშრომში სულ ბოლოს მოჰყავს. მისი თქმით, “მხედრული წარწერა ჭიშკრისა, ექვს სტრიქონიანი, რიგიანად აქვს გამოცემული ე. თაყაიშვილს (გვ. 140), რომელსაც ოღონდ განკვეთილობის ნიშნები არ აქვს დაცული. აქ იკითხება:

“ქ ღ ̃თო: შეიწყალე | ამისი: ამშენებე|ლი. მნგლელ. | ეფისკაპოზი | არსენ ოსტატ|ი თებერ გ ქ  ̃კს ტნე” (შანიძე 1926: 235).

როგორც ვხედავთ, აკ. შანიძე ამ წარწერის ე. თაყაიშვილისეულ წაკითხვას მთლიანად იზიარებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მის მიერ წაკითხულ სიტყვა “ეფისკოპოზი”-ს ნაცვლად სიტყვა “ეფისკაპოზი”-ს. გარდა ამისა, მან თავის პუბლიკაციაში აღნიშნული წარწერის განკვეთილობის ნიშნებიც აღნიშნა.

ამის შემდეგ აღნიშნული წარწერა გამოაქვეყნა 1956 წელს ვახტანგ ბერიძემ თავის მონოგრაფიული ტიპის ნაშრომში “ძველი ქართველი ხოროთმოძღვრები”, სადაც მას ანბანურ რიგზე აქვს გაწყობილი ქართველი ოსტატები, მათ შორის ჩვენთვის საინტერესო არსენ მანგლელიც, რადგან, როგორც აღნიშნული სამშენებლო წარწერა გვამცნობს, მას თავად მიუღია მშენებლობაში მონაწილეობა და ოსტატადაც კი არის ნახსენები ამ წარწერაში. აღნიშნული წარწერას ვ. ბერიძე გვთავაზობს მთლიანად ე. თაყაიშვილისეულ წაკითხვაზე დაყრდნობით. იგი წერს: `არსენ ოსტატი _ მანგლელი ეპისკოპოსი, ცხოვრობდა XVII ს-ის მეორე ნახევარში. მოხსენიებულია მანგლისის ტაძრის გალავანში ჩატანებულ წარწერაში: “ღმერთო, შეიწყალე ა მ ი ს ი  ა მ შ ე ნ ე ბ ე ლ ი  მ ა ნ გ ლ ე ლ ი  ე  ფ ი ს კ ო პ ო ზ ი ა რ ს ე ნ ო ს ტ ა ტ ი, თებერ გ ქრონიკს ტნე” (=1667 წელს). ე. თაყაიშვილის აზრით, არსენის აშენებული უნდა ყოფილიყო გალავანში შესასვლელი ბჭე” (ბერიძე 1956: 24).

ამის შემდეგ მანგლისის ტაძრის წარწერებისადმი საგანგებო ნაშრომი გამოქვეყნდა 1961 წელს თეიმურაზ ბარნაველის მიერ სახელწოდებით “მანგლისის ტაძრის  წარწერები”, სადაც ავტორი სხვა წარწერებთან ერთად წარმოადგენს არსენ მანგლელის 1667 წლის სამშენებლო წარწერის არქეოგრაფიულ აღწერილობას, წარწერის ტექსტის გადმონაწერს, მისეულ წაკითხვას, წარწერის პალეოგრაფიულ პირსა და წარწერის შავ-თეთრ ფოტოს: “გვიანი    წარწერაა    მოთავსებული    ეკლესიის    გალავანში    აღმოსავლეთის  მხრიდან  შესასვლელის მარჯვნივ, ზემოთ. წარწერა შესრულებულია მხედრული დამწერლობით, მეტად მდარე და ულამაზო ხელით.

ქ. ღთო: შეიწ ̃ლე ამისი: ამშენებე ლი. მნგლელ.

ეფისკოპოზი (!) არსენ ოსტატ ი თებერ გ ქკს ტნე

ე.ი. ქ. ღმერთო შეიწყალე ამისი ამშენებელი მანგლელ[ი] ეპისკოპოზი არსენ ოსტატი. თებერ[ვალსა] გ, ქორონიკონს[ა] ტნე. (1667 წ.)

ეს წარწერა უნდა ეხებოდეს გალავანში შესასვლელ კარიბჭის აშენებას. პუბლიკაციებში თარიღი სხვადასხვაგვარად არის მოყვანილი” (ბარნაველი 1961: 14-15).

როგორ ზემოთ მოტანილი წარწერის ტექტსიდან ჩანს, მას ექვ. თაყაიშვილისა და აკ. შანიძისაგან განსხვავებით ქარგმა დასმული აქვს არა  პირველ  სიტყვა “ღმერთო”-ზე, არამედ ამის მომდევნო სიტყვა “შეიწყალე”-ზე, სახელდობრ, ამ სიტყვის “წ” გრაფემას შემდეგ სვამს ქარაგმის ნიშანს, რომელსაც მოსდევს “ლე” გრაფემები. მართალია, წარწერის ტექსტის გადმონაწერში მან სიტყვა შეიწყალეს ქარაგმის ნიშანი დაუსვა, თუმცა მისეულ წაკითხვაში მას ეს სიტყვა ყოველგვარი ქარაგმის გახსნის ნიშნის გარეშე აქვს წარმოდგენილი. მის ნაშრომში პარალელურად მისდევს ერთმანეთს წარწერის პალეოგრაფიული პირი და მისი დედნის გადმონაწერი. თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაინც ვნახულობთ განსხვავებას ამათ შორის, კერძოდ, თუ წარწერის პალეოგრაფიულ პირის მეორე და მესამე სტრიქონებზე ამოკვეთილია სიტყვა `ამშენებლი~, თ.  ბარნაველი  ამ სიტყვას კითხულობს  როგორც “ამშენებელი” ანუ  ამ სიტყვაში  გრაფემა “ბ”-ს შემდეგ “ე” გრაფემა ჩაამატა, როცა მას მის მიერვე გადმოღებული წარწერის პალეოგრაფიული პირი ამის საშუალებას არ აძლევდა. ჩვენ დიდ გაკვირვებას იწვევს აგრეთვე  ის  ფაქტიც,  რომ  თუ,  წარწერის  პალეოგრაფიულ  პირი  ექვსი     სტრიქონისაგან შედგება, მის მიერ გადმოწერილ წარწერის დედანში ტექტი 5 სტრიქონია. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ მის მიერ გადმოღებულ პალეოგრაფიულ პირში სიტყვები “ეფისკოპოზი”  და “არსენ ოსტატ” სხვადასხვა სტრიქონზეა, ხოლო მის მიერ გადმონაწერ დედნის ტექტსში ერთ სტრიქონზეა. სწორედ ამის გამო შედგება წარწერის პალეოგრაფიული პირი 6 სტრიქონისაგან და მის მიერ გადმოღებული დედნის ტექსტი 5 სტრიქონისაგან. უფრო მეტიც, მისეულ წაკითხვაში ჩვენთვის საინტერესო წარწერის ტექტს სულ სამიოდე სტრიქონი აქვს დაკავებული. მას ე. თაყაიშვილის მსგავსად, აღნიშნულ წარწერაში მოხსენიებული არსენ მანგლელი გალავანში შესასვლელის კარიბჭის მაშენებლად მიაჩნია.

თეიმურაზ ბარნაველის შემდეგ არსენ მანგლელის წარწერა გურამ ჯანდიერს აქვს მოყვანილი თავის სტატიაში “XVII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული ქრონოლოგიის საკითხისათვის (ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი). იქ,  სადაც მკვლევარი ადგენს XVII საუკუნის II ნახევრის მანგლელ ეპისკოპოსთა რიგს, ჩვენთვის საინტერესო პიროვნების არსენ ბარათაშვილის მანგლელობას ამ სამშენებლო წარწერისა და საისტორიო საბუთებზე დაყრდნობით – 1667-1670 წლებით განსაზღვრავს. არსენ მანგლელის სამშენებლო წარწერის წაკითხვისას მთლიანად ეყრდნობა თეიმურაზ ბარნაველისეულ წაკითხვას, რომლის მიხედვითაც, როგორც ზემოთ ერთხელ უკვე ვაჩვენეთ, ეს წარწერა შემდეგი სახით იკითხება: “ღმერთო, შეიწყალე ამისი ამშენებელი მანგლელ[ი] ეპისკოპოზი არსენ ოსტატი. თებერ[ვლსა] გ, ქორონიკონს[ა] ტნე” (ჯანდიერი 1971: 340).

სულ ბოლოს, მანგლისის ტაძარს სპეციალური მონოგრაფია მიუძღვნა მალაქია დვალმა. მას თავის 1974 წლის ნაშრომში “მანგლისის ხუროთმოღვრული ძეგლი” მოცემული აქვს ძეგლის შესწავლის ისტორია, ძეგლის აღწერა, თვით ძეგლის ისტორია და მისი ხუროთმოძღვრული ანალიზი. მკვლევარი რამდენჯერმე ეხება არსენ მანგლელის წარწერასა და მისი ჩატარებულ სამუშაოებს მანგლისის ტაძართად დაკავშირებით.

პირველად აღწერს რა მანგლისის ტაძრის გალავანს ამბობს: “გალავანი ნაგებია ფლეთილი ქვით, კირის ხსნარზე. შიგადაშიგ კედლის წყობაში (ძირითადად სამხ. და აღმ. კედლებში) დიდი თლილი დღეს არსებული გალავანი რომ ძეგლის დროინდელი არ არის, ის ზემოთ ნათქვამიდანაც ჩანს. ის არსენ ეპისკოპოსს აუგია 1667 წელს, რაც გალავნის აღმ. კარებთან მოთავსებულ მხედრულ წარწერაშია აღნიშნული (იხ. ტაბ. 502)” (დვალი 1974: 17). მეორედ აღწერს რა მანგლისის ტაძრის საკურთხეველს, ამბობს: “ამჟამად საკურთხეველს ტრანსეპტისაგან კაკლის ხის მაღალი იკონოსტასი ჰყოფს, რომელიც XIX საუკუნეში რემონტის დროს (1858 წელს) გაუკეთებიათ, მანამდე არსებული “ქვით და აგურით” ნაგები კანკელის მაგივრად, რომელიც იმ დროს უკვე ძლიერ ყოფილა დაზიანებული. აი, როგორ აღწერს ამას ი. სლივიცკი: “Возвышаюшаяся перед алтарëм на полтора аршина стена, по всей вероятности, позднейшей построики; плохая кладка камней и кирпичей отстранают мысль о глубокой древности”. მაგრამ კანკელი საკურთხევლის წინ კი არ იყო აღმართული, როგორც ამას სლივიცკი წერს, არამედ ტრანსეპტის წინ, როგორც ეს კირპიჩნიკოვს აქვს გეგმაზე აღნიშნული. ასევე აქვს აღწერილი ის უმანეცს: …”иконостас со своего места, по тесноте алтаря или по другим соображениям, был отнесëн в средною арку~ და შემდეგ _ `Новый иконостас, в средней арке, сделань был из кирпича, с пролëтом, для царских врат и одной северной двери”. მართლაც ყველაფერი მოწმობს, რომ აღნიშნული კანკელი გვიანდელი წარმოშობისა იყო, მაგრამ რომელ ეპოქას ეკუთვნოდა, ამის დადგენა ძნელია, ვინაიდან ხელთ არაფერი რეალური მასალა არა გვაქვს მის დასათარიღებ;ლად. საფიქრებელი კია, რომ ის იმ არსენ ეპისკოპოსის შემოქმედების ნაყოფი უნდა იყოს (XVII ს- ში), რომელიც გალავნის აღმ. კარების თავზე მოთავსებულ მხედრულ წარწერაშია მოხსენიებული” (დვალი 1974: 20).

სულ ბოლოს კი იქ, სადაც საუბრობს მანგლისის ტაძრის XVII საუკუნის მეორე ნახევრის მდგომარეობის შესახებ, დასძენს:

“XVII საუკუნის მეორე ნახევრისთვის ძეგლის მდგომარეობის შესახებ საყურადღებო ცნობას გვაწვდის მანგლისის გალავნის აღმოსავლეთ კედელში არსებული შესასვლელის თავზე მოთავსებული მხედრული წარწერა, რომელიც გვატყობინებს, რომ 1667 წელს მანგლელ ეპისკოპოსს არსენს ძეგლზე სამშენებლო სამუშაო ჩაუტარებია. წარწერა ასე იკითხება:

`ქ. ღ ̃თო შეიწყალე ამისი ამშენებე

ლი მნგლელ ეფისკაპოსი არსენ ოსტატ

ი თებერ გ ქ  ̃კს ტნე (-1667 წელს)”.

ცხადია, წარწერაში ლაპარაკია გალავნის აგებაზე და არა ტაძრის აშენებაზე, ეს ჯერ კიდევ ი. სლივიცკიმ აღნიშნა, მას ეჭვი ეპარება, რომ ეპისკოპოსი არსენი თავის  თავს მთელი ტაძრის ამშენებლად ასახელებსო და დასძენს: “Епископ Арсен принял на себя слишком много”. საქართველოს მაშინდელ მდგომარეობაში ამოდენა ტაძრის აგებას ვერ შეძლებდნენო.

ე. თაყაიშვილის აზრით არსენის აშენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ გალავანში შესასვლელი ბჭე. ჩვენ გვგონია, რომ არსენს, ალბათ, გალავანი აღუდგენია და თვით ძეგლიც შეუკეთებია. კერძოდ, არსენის სამშენებლო მოღვაწეობის ნაყოფი უნდა ყოყილიყო ტრანსეპტის წინ აგურით და ქვით ნაგები კანკელი, რომელსაც ა. უმანეცი და ი. სლივიცკი აღწერენ და კირპიჩნიკოვსაც აქვს დატანილი თავის გეგმაზე” (დვალი 1974: 42-43).

ზემოთ მოყვანილი მანგლისის ტაძრის გალავნის აღმოსავლეთ კედელში არსებული შესასვლელის თავზე მოთავსებულ 1667 წლის წარწერის მიხედვით, არსენ მანგლელს და იმავდროულად ოსტატს, როგორც ჩანს, იგი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას მისი თაოსნობით ჩატარებულ სამშენებლო საქმიანობის შესრულებაში, ამიტომაც უწოდებს თავის თავს ოსტატს, აუშენებია მანგლისის მონასტრის გალავანი და ამის გამო შენდობას ითხოვს ღმრთისაგან.

როგორც ნაშრომის დასაწყისში ავღნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სპეციალურ ლიტერატურაში (გურამ ჯანდიერი, გულიკო მჭედლიძე) გამოთქმულია მოსაზრება აღნიშნულ წარწერაში მოხსენიებული არსენ მანგლელის ბარათაშვილთა ერთ- ერთი განშტოების, გერმანოზიშვილთა ფეოდალური სახლისათვის მიკუთვნების შესახებ, შევეცდებით ერთხელ კიდევ მოუბრუნდეთ ამ საკითხს და კიდევ ერთხელ განვიხილოთ არსენ მანგლელის გვარიშვილობის საკითხი.თუმცა მანამდე ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გთავაზობთ ქართულ სამეცნიერო წრეებში გამოთქმულ შეხედულებებს.

პირველად არსენ მანგლელის გვარიშვილობის საკითხს შეეხო გურამ ჯანდიერი თავის 1971 წლის ნაშრომში “XVII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული ქრონოლოგიის საკითხისათვის (ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი)”, სადაც მკვლევარს დადგენილი აქვს XVII საუკუნის საქართველოს სხვადასხვა ეპარქიის მწყემსმთავართა ქრონოლოგიური რიგი. მას ცალკე თავად აქვს გამოყოფილი მანგლელ ეპისკოპოსთა ნუსხაც. იგი მას შემდეგ, რაც 1652-1653 წლებში ქართულ საისტორიო საბუთებში ნახსენებ ნიკოლოზ მანგლელზე ამთავრებს საუბარს, დასძენს: “1667 წ. მანგლელად არის ბ ა რ ა თ ა შ ვ ი ლ ი ა რ ს ე ნ: ღმერთო, შეიწყალე ამისი ამშენებელი მანგლელ[ი] ეპისკოპოზი არსენ ოსტატი. თებერ[ვალსა] გ, ქორონიკონს[ა] ტნე”. 1669 წ. მეფე შაჰნავაზმა შესწირა ყმა-მამული მანგლისის ღვთისმშობელს. 1670 წელს არსენმა ამირაშვილებს უწყალობა მამული” (ჯანდიერი 1971: 340).

ამის შემდეგ საუბრობს არსენ ბარათაშვილის შემდგომ დროინდელ XVII საუკუნის II ნახევარში მოღვაწე მანგლელებზე და სულ ბოლოს მოჰყავს მათი ქრონოლოგიური რიგი, სადაც არსენის მანგლელობას – 1667-1670 (1667, 1669, 1670) წწ. განსაზღვრავს. თუმცა აქ ჩვენი ყურადღება ერთმა ფრიად მნიშვნელოვანმა გარემოებამ მიიქცია, რაც მდგომარეობს შემდგომში, მეცნიერი არსენ ბარათაშვილის შემდეგ მანგლელად ასახელებს გაბრიელ ჯავახიშვილს, რომლის მწყემსმთვარობას 1672-1673 წლების ნასყიდობის წიგნების მიხედვით, ამავე – 1672-1673 წლებით ათარიღებს. მისი თქმით, გაბრიელ ჯავახიშვილი მოწმედ იხსენიება ნასყიდობის წიგნში, მიცემული ჯანო ენდრონიკაშვილის  მიერ ქართლის კათალიკოს დომენტი III-სათვის (1660-1676 წწ.). იგი ამთავრებს რა ამ ფრაზას, შენიშვნის სახით აქვს ჩატანილი სქოლიოში: “1662 წლითაა დათარიღებული (ქრ-ის II წიგნში, გვ. 480.) ფრაგმენტი დოკუმენტიდან, რომლიდანაც ირკვევა, რომ გ ა ბ რ ი ე ლ  ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ეპისკოპოსად კ ა თ ა ლ ი კ ო ს  დ ო მ ე ნ ტ ი ს უკურთხებია, რის გამოც იგი აძლევს პირობას ერთგულებისა და მორჩილების შესახებ. ცნობა გაბრიელის მანგლელობის შესახებ 1672 წელზე ადრე სხვა დოკუმენტებიდან არ დასტურდება. საფიქრებელია, რომ ეს თარიღი შეცდომითაა მოცემული (ამ პერიოდში ბარათაშვილი არსენი ჩანს 1669,  70), მაგრამ, საინტერესოა ფაქტი, საიდან ირკვევა, რომ დომენტის უკურთხებია იგი ეპისკოპოსად)” (ჯანდიერი 1971: 341).

როგორც ვხედავთ, ისტორიკოსი მანგლისის ტაძრის სამშენებლო წარწერაში მოხსენიებულ არსენ მანგლელს 1669-1670 წლების წყალობის სიგელთა საფუძველზე სამართლიანად ბარათაშვილთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლად მიიჩნევს და მის მანგლელობას აღნიშნული წარწერისა და ამ ორი დიპლომატიკური ძეგლის ურთიერთშეჯერების საფუძველზე – 1667-1670 წლებით ათარიღებს. ამის პარალელურად მას მოჰყავს თედო ჟორდანიას ქრონიკებიდან II ტომიდან 1662 წლის საბუთის ფრაგმენტი, რომლის მიხედვით დომენტი კათალიკოსს გაბრიელ ჯავახიშვილი მანგლელად უკურთხებია, რის სანაცვლოდაც იგი ქართლის ეკლესიის მწყემსმთავარს აძლევს ერთგულებისა და მორჩილების პირობას. ჩვენ საგანგებოდ დავინტერესდით აღნიშნული საბუთის ფრაგმენტით, გავეცანით შესაბამის ლიტერატურას, გვაქვს მეტად საინტერესო სურათი. კერძოდ, პირთა ანოტირებული ლექსიკონის II ტომში დომენტი კათალიკოსზე გატანილია ჩვენთვის საინტერესო საბუთის ფრაგმენტი, თუმცა მათთანაც მითითებულია თედო ჟორდანიას ქრონიკების II ტომის ის გვერდი, რაც მითითებული აქვს გურამ ჯანდიერს თავის ზემოთაღნიშნულ ნაშრომში და რაც ყველაზე საინტერესოა ავტორთა ჯგუფიც ამ საბუთის ფრაგმენტის ქრონოლოგიას, გურამ ჯანდიერის მსგავსად, იმავე 1662 წლით განსაზღვრავს (კლდიაშვილი …. 1993: 94). ამის შემდეგ გავეცანით თედო ჟორდანიას აღნიშნული ნაშრომის ჩვენთვის საინტერესო ადგილს, სადაც ავტორს ჯერ მოყვანილი აქვს 1662 წლით დათარიღებული ორი მინაწერი, შემდეგ 1662 წლის იკორთის ზატიკის წარწერა, რომლის მიხედვით იესე ქსნის ერისთავი მის ოჯახთან ერთად იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას სწირავს სოფელ შუაცხვირს, ხოლო შემდგომ ამბობს: “ამავე დროებში ქკ ̃ზს დომენტის ერთგულების წიგნს უწერს ჯავახიშვილი მანგლელი გაბრიელ: “თქუენ მიერი (ეპისკოპოსად) კურთხევა მოვიღეთ ჩემზედა… ვიყუნეთ თქუენნი ერთგულნი და.. მორჩილნი” (მცხეთის ნუსხა #:რმა: (ჟორდანია 1897: 480).

როგორც ავღნიშნეთ, თედო ჟორდანიას მიერ ზემოთ მოყვანილი ორი მინაწერი და ზატიკის წარწერა კონკრეტული თარიღით – 1662 წლით არის განსაზღვრული, ხოლო ჩვენთვის საინტერესო სიგელის ფრაგმენტს არ უზის თარიღი, რის გამოც სრულიად დაუშვებელია მისი თარიღის განსაზღვრა მაინცდამაინც 1662 წლით. აქედან  გამომდინარე, სრულიად ბუნდოვანია ამ საბუთის გურამ ჯანდიერისა და ავტორთა ჯგუფის მიერ შემოთავაზებული თარიღი 1662 წელი, რადგან ეს საბუთი შეიძლება გაცემულიყო როგორც 1662 წელს, ასევე 1672-1673 წლებში, როცა მანგლელად იხსენიება გაბრიელ ჯავახიშვილი. აქედან გამომდინარე, ვერ გავიზიარებთ აღნიშნულ ავტორთა ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ ამ საბუთის ფრაგმენტის თარიღს – 1662 წელს. თუმცა აქვე აღნიშვნის ღირსია ის, რომ მართალია გურამ ჯანდიერი ამ საბუთის ფრაგმენტის თარიღად 1662 წელს მიიჩნევს, თუმცა ამის პარალელურად მიაჩნია, რომ გაბრიელ ჯავახიშვილზე არსებული დოკუმენტების მიხედვით (მხედველობაში აქვს 1672-1673 წლების ნასყიდობის საბუთები – თ.გ.), იგი მანგლელად 1672 წელზე ადრე არ იხსენიება, აქედან გამომდინარე ეჭვი ეპარება ამ თარიღის სისწორეში. მისი თქმით, ამ პერიოდში მანგლელად არსენ ბარათაშვილია და უთითებს 1669-1670 წლებს. აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია თუ ვიფიქრებთ, რომ გურამ ჯანდიერი ამ პერიოდისათვის ანუ XVII საუკუნის 60-იანი წლებისათვის მანგლისის ეპარქიის მწყემსმთავრად არსენ ბარათაშვილს მიიჩნევს.

1991 წლის მრავალთავის მე-16 ტომში დაიბეჭდა გურამ ჯანდიერის წერილი სახელწოდებით “ბარათაშვილთა ფეოდალური სახლის საგვარეულოს განშტოებათა შესახებ”, სადაც ავტორი ქართულ საისტორიო საბუთებზე დაყრდნობით განიხილავს ბარათაშვილთა სხვადასხვა განაყოფების – ქავთარიშვილების, ზურაბიშვილების, აბულფათიშვილების, გერმანოზიშვილების და მათ შორის ნამანგლელავიშვილების ჩამოყალიბების საკითხს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ უკანასკნელი განშტოების შესახებ იგი წერს: “ბარათაშვილების სამამულო დავის გარიგების აღნიშნულ წიგნში მოხსენიებულია აგრეთვე ნამანგლელავისშვილი: “ერთი კომლი თავისი მამულით ნამანგლელავისშვილს პატარა ხანს სჭეროდა ჭანდარში”. თვით გვარის მიხედვით ცხადია, რომ ისინი მანგლელყოფილის შთამომავლები არიან, მაგრამ ბარათაშვილთა რომელ განშტოებას ეკუთვნიან?

ნამანგლელავისშვილი გუგუნა და როსტომ საბუთებში გვხვდება 1690-იანი წლების ბოლოდან. ბარათაშვილთა გვარში XVII ს-ში ორი მანგლელი ეპისკოპოსია – არსენ ბარათაშვილი და ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი. ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი მანგლელად დოკუმენტებში გვხვდება 1699 წ-დან და მისი მოღვაწეობა გადადის XVIII ს-ში. რაც შეეხება არსენ ბარათაშვილს, იგი მანგლელად დოკუმენტებში იხსენიება 1666-1670 წწ-ში. XVII ს-ის II ნახევრის საბუთებში არსენი, პატა, ვარაზა და ოთარი მოიხსენიებიან გერმანოზ ბარათაშვილის შვილებად. 1663 წ-ის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოთარმა, პატამ, არსენმა და ვარაზამ განუახლეს სვეტიცხოველს ნასოფლარ საბროწლეს შეწირულობა. არსენი სასულიერო სახელია. ამ სახელით 1667-1670 წწ-ში გვხვდება მანგლელად არსენ ბარათაშვილი. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს მანგლელი არსენ ბარათაშვილი უნდა იყოს გერმანოზის შვილი, რომელიც 1663 წ-ის დოკუმენტში იხსენიება ძმებთან ერთად. ჩვენს ვარაუდს ადასტურებს დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს გერმანოზიშვილების სამამულო დავის გარიგების წიგნს. საბუთის მიხედვით, ვარაზა და მის ძმის  პატას შვილები გაყრილან. გაყრის შემდეგ წარმოშობილა დავა მამულის გამო. ერთ-ერთი სადაო მამული გამხდარა ტბისს მანგლელის ზვარი. თუ მოწმე დაიფიცებდა, რომ სადაო ზვარი “საძმოს ფასით” არის ნაყიდი, მაშინ 2 წილი პატას ძეს პაპუას დარჩებოდა, ხოლო 1 წილი – ვარაზას. ცხადია, რომ `საძმოს ფასით” ნასყიდობის შემთხვევაში ვარაზას, როგორც მანგლელის ძმას, წილი ექნებოდა სადაო ზვარზე. მანგლელი კი ამ პერიოდში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იყო არსენ ბარათაშვილი. ვფიქრობთ, რომ სწორედ გერმანოზიშვილთა შტოს წარმომადგენელ არსენ მანგლელის შთამომავლები არიან როსტომ და გუგუნა, რომლებიც 1690-იანი წწ-ის ბოლოდან იწოდებიან ნამანგლელავისშილებად” (ჯანდიერი 1991: 175-176).

როგორც ვხედავთ, მკვლევარი საგანგებოდ დაინტერესდა ბარათაშვილთა საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოების ნამანგლელავიშვილთა წარმოშობის საკითხით. იგი სამართლიანად აკეთებს აქცენტს იმ ფაქტზე, რომ ამ გვარის წარმომადგენლები მანგლელყოფილის შთამომავლები არიან. ამის შემდგომ ის ყურადღებას ამახვილებს როსტომ და გუგუნა ნამანგლელვიშვილებად XVII საუკუნის 90-იანი წლებიდან მოხსენიების ფაქტზე. ყოველივე ამის ფონზე, მან XVII საუკუნის მანგლელებიდან ბარათაშვილთა ფეოდალური სახლის ორი წარმომადგენელი – არსენ ბარათაშვილი და ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი გამოჰყო. იქიდან გამომდინარე, რომ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი მანგლელად 1699 წლიდან იხსენიება გამორიცხა მისი ამ გვარის ფუძემდებლობა.  ამის შემდეგ ყურადღება  გაამახვილა  1663  წლის ოთარ,  პაატა,  არსენ და ვარაზა გერმანოზიშვილების მიერ სვეტიცხოვლისათვის ნასოფლარ საბროწლეს შეწირულობის განახლების საბუთზე. მას ამ საბუთში მოხსენიებული გერმანოზ ბარათაშვილის რიგით მესამე ვაჟის სახელი არსენი, მის სასულიერო სახელად მიაჩნია და ფიქრობს, რომ სწორედ ეს უნდა იყოს 1667-1670 წლებში მოხსენიებული მანგლელი არსენ ბარათაშვილი. მას აღნიშნული მოსაზრების განსამტკიცებლად მოჰყავს არსენის ძმის, ვარაზასა და მის მეორე ძმის, პაატას შვილების დავის გარიგების წიგნი, სადაც დავის ერთ- ერთი საგანი ტბისში მდებარე მანგლელის ზვარი გამხდარა, რომელიც ძმების ხარჯით იყო შეძენილი. თუ, მოწმე დაიფიცებდა, აქედან ორი წილი პაატას შვილს – პაპუას, ხოლო ერთი ნაწილი კი ვარაზას დარჩებოდა. ისტორიკოსი ფიქრობს, რომ რაღამც საბუთში ნახსენებია, რომ აღნიშნული მანგლელის ზვარი “საძმოს ფასით” იყო შეძენილი, ვარაზას, როგორც არსენ მანგლელის ძმას წილი შეხვდებოდა. აქედან გამომდინარე შეჯამების სახით ვიტყვით, რომ მან ნამანგლევიშვილთა საგვარეულო გერმანოზიშვილთა ფეოდალური სახლის ერთ-ერთ განშტოებად მიიჩნია და ამ გვარის ფუძემდებლად კი 1667-1670 წლებში მოხსენიებული არსენ მანგლელი.

ამავე 1991 წელს გამოცემულ პირთა ანოტირებული ლექსიკონის I ტომში ბარათაშვილთა გვარი და მისი განშტოებები შესრულებულ იქნა გურამ ჯანდიერის მიერ. აქ ბარათაშვილთა გვარის წარმომადგენლები ანბანური რიგით არიან ჩამოთვლილნი. თუ წინა ნაშრომებში ავტორი არსენ ბარათაშვილთან დაკავშირებით მხოლოდ ორ 1669-1670 წლის საბუთებს უთითებდა, აქ მას არსენ მანგლელთან მიმართებაში დამატებული აქვს კიდევ ერთი დავის სიგელი, წარმოებული ფარსადანსა და თაყაშვილებს შორის, რომლის ქრონოლოგიასაც 1661-1688 წლებით განსაზღვრავს. ამ საბუთიდან გამომდინარე, მის მანგლელობას ([1661], 1669-1670, [1688] წწ.) განსაზღვრავს (კლდიაშვილი 1991: 395).

ჩვენ დავინტერესდით აღნიშნული 1661-1688 წლების დავის გარიგების წიგნით, გავეცანით მას. იგი პირს წარმოადგენს და ჩვენამდე ფრაგმენტული სახით მოაღწია, კერძოდ, საბუთს დასაწყისი ნაწილი აკლია. წარმოვადგენთ საბუთის ტექტის ჩვენთვის საინტერესო ნაწილს:

“…{ტფი}ლელი პავლე და მანგ{ლ}ელი არსენ გაეგზავნათ იმათ ზოგი რამე მართებულად გაერი{გებინათ}, ზოგი უგზოდ ვერად{ა}<დ>ე-ვ{რ}, ლაპარაკ{ი} შე{ე}ქნათ, მერმე ჩვენ ახალს მანგლელ სა{ა}კაძეს იოსებს წიგნი მივსწერე, საქმე იმათზე შეაგდევით, იმას გაეშინჯა და მოკითხული ექნა, ზოგიერთი ტფილელის გარიგებული არ მოეშალა…” (სეა, 11/8).

როგორც საბუთიდან ჩანს, დავის გასარიგებლად თბილელი პავლე და არსენ მანგლელი გაუგზავნიათ, მათ ზოგი საქმე გაურიგებიათ, ხოლო ზოგი კი ვერ მოუგვარებიათ, ამის გამო გაგზავნეს აღნიშნული დავის გარიგების მიზნით ახალი მანგლელი იოსებ სააკაძე, რომელსაც ამ დავის საქმე მოუკითხავს. როგორც ზემოთ დავინახეთ, XVII საუკუნის მანგლელთა ქრონოლოგიურ რიგში არსად არ შეგხვედრია იოსებ სააკაძის სახელი, მითუმეტეს არსენ ბარათაშვილის შემდეგ. ჩვენი აზრით, აქ საუბარია არა არსენ ბარათაშვილზე, არამედ არსენ დოლენჯიშვილზე, რომელი XVIII საუკუნის დასაწყისში განაგებდა მანგლისის სამწყსოს. ამასთან დაკავშირებით მეტად საინტერესოა 1721 წლის შეწირულების წიგნი და გუჯარი, მიცემული იოსებ მანგლელ სააკაძის მიერ მანგლისის ღმრთისმშობლის ტაძრისადმი, სადაც მანგლელი დაწვრილებით აღწერს აბაშიშვილებთან მანგლისის მამულებზე ატეხილ დავის ამბებს, ხოლო ბოლოს აღნიშნავს,  რომ  ამ  დავის  შემდეგ  მან   დათმო   მანგლელობა  და   ეს  საპატიო      სახელო “…მეფემაცა და დედოფალმაც დოლენჯისშვილს არსენს უბოძა, უწინაც იმას ეჭირა, მე, რომ მომცეს და ისევ იმას მიუთვალე პ(ა)ტიოსანი ტაძარი დ(ამბადე)ბლისა ღ(მრთ)ისმშობელისა…” (სეა, 1449-1916).

ამ საბუთში მკაფიოდ არის ხაზგასმული ის, რომ სანამ იოსებ სააკაძე მანგლელი გახდებოდა, ამ სასულიერო წოდებას ატარებდა არსენ დოლენჯიშვილი, რომლისთვისაც სამეფო კარს იოსებ სააკაძის შემდეგ კვლავ დაუბრუნებიათ აღნიშნული წოდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ გავიზიარებთ გურამ ჯანდიერის მიერ შემოთავაზებულ ფარსადანსა და თაყაშვილების დავის გარიგები საბუთის თარიღს – 1661-1688 წლებს, უფრო მეტიც, ჩვენ ამ საბუთს ქრონოლოგიას 1661-1688 წლებით ნაცვლად, XVIII საუკუნის დასაწყისით განვსაზღვრავთ. ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული იოსებ მანგლელობის წლები და იგი 1717-1721 წლებით თარიღდება (შაორშაძე 2008: 186-188).

თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენთვის საინტერესო საბუთი გაიცა მაშინ, როცა იოსებ მანგლელი ახალი კურთხეული იყო მანგლელად, არ შევცდებით თუ   ამ საბუთის ქრონოლოგიას კიდევ უფრო დავავიწროვებთ და 1661-1688 წლების ნაცვლად, 1717-1718 წლებით განვსაზღვრავთ.

გურამ ჯანდიერის შემდეგ არსენ მანგლელის გვარიშვილობის საკითხს შეეხო გულიკო მჭედლიძე თავის 2001 წლის ნაშრომში “გერმანოზიშვილთა საგვარეულოს ისტორიიდან”, სადაც მეცნიერი აცხადებს:

“XVII ს-ის II ნახევარსა და XVIII ს-ში გერმანოზიანთ სათავადო სახლის წევრებს საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეჭირათ სამეფო კარზე. ასე მაგალითად: ოთარ გერმანოზიშვილი ბოქაულთუხუცესი იყო (ცსსა ფ. 1450 14-8), მისი ძმა პაატა მეჯინიბეთუხუცესი (ხ.ი.SD -794, HD-14664), ასევე მეჯინიბეთუხუცესის სახელოს ატარებდა პაატას შემდგომ მისი ძმა ვარაზა, მათი ძმა არსენ-ბერი მანგლელი ეპისკოპოსი იყო (ხ.ი. AD-624, ცსსა 1449-1825)”. (მჭედლიძე 2001: 404).

გულიკო მჭედლიძეც გურამ ჯანდიერის მსგავსად ფიქრობს, რომ არსენ მანგლელი გერმანოზიშვილთა ფეოდალური ოჯახიდან იყო. აქ ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთმა მნიშვნელოვანმა გარემოებამ, რაც მდგომარეობს შემდეგში, ავტორს არსენ მანგლელის დასამოწმებლად მოჰყავს 1669-1670 წლების საბუთები, სადაც ნახსენებია არსენ მანგლელი.

აღნიშნული მკვლევარი თავის 2009 წლის მონოგრაფიულ ტიპის ნაშრომში “გუდარეხის მონასტერი” იგივე შეხედულებას გამოთქვამს არსენ მანგლელის გვარიშვილობასთან დაკავშირებით. ავტორი ნაშრომში ოთხ ადგილას ეხება ჩვენთვის საინტერესო საკითხს.

პირველად ჩამოთვლის რა გერმანოზ ბარათაშვილის შვილთა თანამდებობებს,    ამბობს:

“ოთარ გერმანოზისშვილი ბოქაულთუხუცესი იყო, მეჯინიბეთუხუცესის სახელოს ფლობდა მისი ძმა პაატა, პაატას შემდეგ ეს თანამდებობა მის ძმას ვარაზას რგებია. ამათი ძმა არსენი – მანგლელი ეპისკოპოსი იყო” (მჭედლიძე 2009: 68).

მეორედ, როცა საუბრობს იმის შესახებ, რომ გერმანოზიშვილთა ფეოდალური სახლის ფუძემდებელი 1627-1643 წლებში მოხსენიებული გერმანოზ ბარათაშვილი იყო, შემდეგ ასახალებს მის ვაჟებს თავიანთი სამოხელეო თანამდებობებით: “ოთარი (ბოქაულთუხუცესი), პაატა (მეჯინიბეთუხუცესი), არსენი, იგივე ბერი (მანგლელი მთავარეპისკოპოსი), ვარაზა (მეჯინიბეთუხუცესი) და როსები” (მჭედლიძე 2009: 70).

მესამედ, საისტორიო    საბუთებისა    და    ეპიგრაფიკული    მასალის ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაწვრილებით განიხილავს გერმანოზ ბარათაშვილის შვილების ბიოგრაფიას ასაკობრივი თანმიმდევრობით, დასძენს: “ასევე შემორჩენილია ცნობები გერმანოზ ბართაშვილის მესამე ვაჟის, XVII ს. 70-იანი წლების მოღვაწე არსენ მანგლელის შესახებ, მისი საერო სახელი იყო ბერი. ამიტომ დოკუმენტებში ჯერ ბერის, ხოლო შემდეგ არსენის სახელით გხვდება. მის შესახებ არსებული ისტორიული დოკუმენტები მცირერიცხოვანია: მაგალითად, 1670 წ. მან აბანოურში მამული უწყალობა ამიძაშვილებს. მისი მანგლელობის დროს 1669 წ. შაჰნავაზმა ყმა-მამული უწყალობა მანგლისის ეკლესიას. XVII ს. 70-იან წლებში კი თავის სამწყსოში არიგებს სამამულე დავას ფარსადანსა და თაყაშვილების მიწაზე და წისქვილზე” (მჭედლიძე 2009: 74).

სულ ბოლოს, ნაშრომის დასასრულს ავტორს მოცემული აქვს გერმანოზიშვილთა ფეოდალური სახლის გენალოგიური ტაბულა, სადაც გერმანოზ ბარათაშვილის მესამე შვილად დასახელებულია ბერი (არსენი) (მჭედლიძე 2009: 107).

როგორც ვხედავთ, მკვლევარი იზიარებს გურამ ჯანდიერის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას არსენ მანგლელის გერმანოზიშვილთა ფეოდალური სახლიდან წარმომავლობის შესახებ, უფრო მეტიც იგი მიიჩნევს, რომ არსენ მანგლელის საერისკაცო სახელი ბერი იყო.

თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ავტორის მიერ გამოთქმული მოსაზრება, ამისათვის საჭიროა გადავხედოთ გერმანოზ ბარათაშვილისა და მისი ფეოდალური სახლის წევრებისადმი გაცემულ დიპლომატიკურ საბუთებს. გერმანოზიშვილთა ფეოდალური სახლის დამფუძნებელი – გერმანოზი ქართულ საისტორიო საბუთებში 1627-1643 წლებში მოიხსენიება (კლდიაშვილი …. 1991: 402). ამასთან ერთად აღნიშნულ დოკუმენტებში მოიხენიება მისი ვაჟები, რომელთა თანმიმდევრობასაც ასაკობრივი პრინციპით შემოგთავაზებთ: ოთარი, პაატა, ვარაზა (1638-1643 წწ.), ბერი (1642-1643 წწ.). მამის გერმანოზის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული ფეოდალური სახლის უფროსობას იკავებს მისი უფროსი ვაჟი ოთარი, რომელიც ისტორიულ საბუთების მიხედვით, 1638-1679 წწ. ქართლის სამეფო კარზე ბოქაულთუხუცესის სახელოს ფლობდა (კლდიაშვილი      1991: 430-431). მის გვერდით მოხსენიებული არიან მისი ძმებიც: პაატა, ვარაზა და ბერიც იგივე თანმიმდევრობით.        მისი    უმცროსი    ძმა    ბერი    უკანასკნელად    1653-1658   წლებით დათარიღებულ საბუთშია მოხსენიებული, ამის შემდეგ ქრება დიპლომატიკური ძეგლებიდან. მის ადგილას ჩნდება 1663 წელს ოთარისა და მისი ძმების მიერ სვეტიცხოვლისადმი სოფელ საბროწლეს შეწირულობის წიგნში მათი კიდევ ერთი ძმის, არსენის სახელი, რომელიც 1663 წლის შემდეგ ქრება ქართული დიპლომატიკური ძეგლებიდან. სწორედ აღნიშნული სახელი არსენი მიაჩნია გულიკო მჭედლიძეს გერმანოზ ბარათაშვილის როგით მეოთხე ვაჟის ბერის სასულიერო სახელად და შესაბამისად მას არსენ მანგლელთან აიგივებს. მისი შეხედულებით, არსენ მანგლელი XVII საუკუნის 70-იან წლებში მოღვაწე სასულიერო პირი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას მისსავე ნაშრომში მოტანილი აქვს 1669 წლის საბუთი, სადაც მანგლელად არსენ ბარათაშვილია დასახელებული. ჩვენ დიდ გაკვირვებას ის ფაქტიც, რომ ამა თუ იმ ფეოდალური ოჯახის წევრები, რომლებიც სასულიერო ცხოვრებას ეწეოდნენ, როგორც წესი, ქართულ დიპლომატიკურ ძეგლებში ან საერთოდ არ იხსენიება ან თუ იხსენიება, აუცილებლად აღნიშნულია მათი სასულიერო ხარისხი. ამ წესს სრულიად ეწინააღმდეგება გერმანოზ ბარათაშვილის ვაჟების: ბერისა და არსენის მოხსენიების ფაქტი. ისინი არსად არ იხსნიებიან, როგორც სასულიერო პირები.

აქედან გამომდინარე, გვიჩნდება კითხვა, თუ რამდენად შეესაბამება რეალობას ქართველ ისტორიკოსთა მიერ გამოთქმული მოსაზრება გერმანოზ ბარათაშვილის რიგით მეოთხე ვაჟის ბერის არსენის სახელით შემონაზვნებისა და მისი სახელის 1667-1670 წლებში მოხსენიებულ არსენ მანგლელთან გაიგივების შესახებ?

სანამ უშუალოდ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს ვუპასუხებდეთ, გვინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ, რომ გურამ ჯანდიერი არსენ მანგლელს გერმანოზიშვილთა ფეოდალურ სახლს მიაკუთვნებს, გარდა იმისა, მას იგი ნამანგლელავიშვილთა ფეოდალური სახლის ფუძემდებლადაც მიაჩნია, რომლის შთამომავლებიც, მისივე თქმით, XVII საუკუნის 90-იანი წლებიდან მოხსენიებული როსტომ და გუგუნა ბარათაშვილები იყვნენ.

თუ, თვალს გავადევნებთ XVII საუკუნის 80-90-იან წლების საბუთებს, სადაც იხსენიებიან როსტომ და გუგუნა ბარათაშვილები, ნათლად დავინახავთ, რომ მათ მამას სახელად  ქაიხოსრო  ერქვა  (კლდიაშვილი ….  1991:  448-449).  აღნიშნულ  საბუთებში მათი მამა, ქაიხოსრო ქაიხოსროშვილად არის მოხსენიებული, რაც გვაძლევ იმის თქმის საფუძველს, რომ იგი მისი მამის მოსახელე იყო და მის მამასაც ქაიხოსრო ერქვა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქაიხოსრო XVII საუკუნის 70-90 წლებში იხსენიება საისტორიო დოკუმენტებში, არ შევცდებით, თუ მის მამას, ქაიხოსრო ბარათაშვილს – XVII საუკუნის I ნახევრის მოღვაწედ მივიჩნევთ. XVII საუკუნის I ნახევარში ქართულ ნარატიულ წყაროებსა და ქართულ დიპლომატიკურ ძეგლებში გხვდება ორი ქაიხოსრო ბარათაშვილი: I. ქართლის სამეფოს სახლთუხუცესი ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილი; II. ქართლის დედოფლის სუფრაჯ ავთანდილ აბაშიშვილის ვაჟი, ქაიხოსრო. ქაიხოსროს მამად თავიდანვე უნდა გამოირიცხოს სუფრაჯ ავთანდილის ვაჟი ქაიხოსრო, რადგან იგი XVII საუკუნის 80-90 წლების საბუთებში და 1701 წლის სოფელ ორთაშუა იოანე მახარებლის სამშენებლო წარწერაში აბაშიშვილ-ავთანდილიშვილად არის დასახელებული და რაც მთავარია მის შვილებს შორის ვერ ვხვდებით ქაიხოსროს სახელს. გვრჩება ქართლის სამეფოს სახლთუხუცესი ქაიხოსრო ბარათაშვილი. მას მართლაც ჰყავდა მისი მოსახელე ვაჟი, სახელად ქაიხოსრო. ამიტომ ლოგიკურია, თუ ვიფიქრებთ, რომ XVII საუკუნის 70-80-იან წლებში მოღვაწე ქაიხოსრო ბარათაშვილის მამა და შესაბამისად, როსტომ და გუგუნას პაპა, XVII საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ქართლის სამეფო კარის სახლთუხუცესი ქაიხოსრო აბაშიშვილი იყო, რომელიც აქტიურ როლს თამაშობდა მაშინდელი ქართლი სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორედ მის აქტიური მოღვაწეობაზე უნდა მეტყველებდეს ქაიხოსრო ბარათშვილისადმი გაცემულ დოკუმენტებში საგანგებოდ ხაზგასმა იმ ფაქტისა, რომ იგი ქაიხოსროს შვილია.

ჩვენს მიერ გამოთქმული მოსაზრების გასამყარებლად მოვიხმობთ 1664 წლის 3 აგვისტოთი დათარიღებული საბუთის ფრაგმენტს, რომელმაც ჩვენამდე თედო ჟორდანიას ქრონიკების სახით მოაღწია. სრული სახით ვიძლევით აღნიშნული საბუთის ფრაგმენტის ტექტს: “ქ ̃კს: ტნბ: ბარათასშვილი სახლ-ხუცისშვილი  ქაიხოსრო  კზ  ̃ს  დომენტის  სწერს:

“ეშმანმან მაცთუნა და მღდელ მონაზონობისაგან (არსენ წოდებული) ერისკაცად შევიქენ.. გაგუიწყერით იმ ხელად ანტიოქიის პატრიარქი (მაკარი) მობძანდა და მისის შუამავლობით… შეგვირიგეთ და შენდობა გვიბოძეთ.. საკანონოდ მოგახსენეთ.. მამული ორი კუამლი (ჩამოთვლილია ქკს: ტნბ: აგვისტოს: გ (ნუსხა) #:რჟთ: და #49)” (ჟორდანია 1897: 482).

როგორც აღნიშნული საბუთის ფრაგმენტიდან ვიგებთ, სახლთუხუცესის შვილი ქაიხოსრო მღვდელ-მონაზონობიდან არსენად წოდებული კვლავ ერისკაცობაში დაბრუნებულა. მას ამგვარი საქციელის გამო ქართლის კათალიკოსი დოკუმენტი III (1660- 1676 წწ.) (ლომინაძე 1951: 71) გასწყრომია. იმ დროსაც, როცა ქართლში ანტიოქიის პატრიარქი მაკარი (1647-1672 წწ.) ბრძანებულა, რომლის შუამავლობით ქართლის კათალიკოსი შერიგებია ქაიხოსროს და მისთვის შენდობა უბოძებია, რომლის სანაცვლოდაც იგი ქართლის კათალიკოსს უბოძებს რაღაც მამულს და ორ კომლ (ალბათ გლეხს? – თ.გ.). სამწუხაროდ, ამ ფრაგენტიდან არ ჩანს თუ კონკრეტულად რომელ მამულს სწირავს ქაიხოსრო ქართლის კათალიკოსს.

როგორც ცნობილია, საქართველოში ანტიოქიიოს პატრიარქმა ორჯერ იმოგზაურა, პირველად – 1664-1666 წლებში, მეორედ კი – 1669 წელს (ასათიანი 1973: 20-25). აღნიშნული შენდობა ქართლის კათალიკოსის მიერ ქაიხოსროსათვის უნდა მომხდარიყო ამავე 1664 წელს. თუ გავითვალისწინებთ ამ საბუთის ფრაგმენტის თარიღს – ტნბ (1312+352=1664 წ.) აგვისტოს გ (3)-ს, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ქაიხოსრომ შენდობა ანტიოქიის პატრიარქის მაკარის შუამავლობით მიიღო ქართლის კათალიკოსს დომენტი III-საგან 1664 წელს, უფრო ზუსტად 1664 წლის 3 აგვისტომდე. თუმცა გასარკვევია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – თუ რა პერიოდით უნდა განვსაზღვროთ სახლთუხუცესის შვილის, ქაიხოსროს მიერ მონაზონობაზე უარის თქმა და მისი ერისკაცობაში დაბრუნების ქრონოლოგია?

აქ ერთი მხრივ ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ იგი მონაზონობიდან ერისკაცობაში დომენტი III-ის კათალიკოსობის დროს, რომელიც, როგორც ბერი ეგნატაშვილის და ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობს, 1660 წელს დაუნიშნია ქართლის მეფეს ვახტანგ V-ს (1658-1675 წწ.) ქართლის კათალიკოსად (ბერი ეგნატაშვილი 1959: 440; ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 448). თუ გავითვალისწინებთ, ერთი მხრივ დომენტი III_ის კათალიკოსობის ქვედა ქრონოლოგიურ ზღვარს 1660 წელს, ხოლო მეორე მხრივ მხედველობაში მივიღებთ, დოკუმენტის ფრაგმენტის თარიღს – 1664 წლის 3 აგვისტოს, სავსებით ლოგიკურია თუ ვიტყვით, რომ სახლთუხუცესის ვაჟს ქაიხოსროს მღვდელ- მონაზონობაზე უარი უნდა ეთქვა 1660-1664 წლებში.

ამრიგად,  1664  წლის  3  აგვისტოს  ფრაგმენტის,  ბერი  ეგნატაშვილისა  და   ვახუშტი ბატონიშვილის ცნობებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1660-1664 წლებში სახლთუხუცესის ვაჟს, ქაიხოსროს უარი უთქვამს სასულიერო ცხოვრებაზე და მღვდელ- მონაზონობიდან (არსენად წოდებული) კვლავ საერო ცხოვრებას დაბრუნებია. 1664 წელს, უფრო ზუსტად, 1664 წლის 3 აგვისტომდე ანტიოქიის პატრიარქის მაკარის ქართლში სტუმრად ყოფნის დროს, მისივე შუამდგომლობით ქართლის კათალიკოსს დომენტი III-ს შუნდვია ამგვარი საქციელი ქაიხოსროსათვის.

თუ გავითვალისწინებთ, ქაიხოსროს მიერ მონაზონობაზე უარის თქმის ქრონოლოგიას – 1660-1664 წლებს, საფიქრებელია, რომ იგი სასულიერო ცხოვრებას სავარაუდოდ XVII საუკუნის 40-50-იანი წლებში ეწეოდა.

თუ ჩვენი მსჯელობა სწორია, რაც ნათლად ჩანს, მაშინ გამოდის, რომ ამ ფრაგმენტში დასახელებულ სახლთუხუხცესში XVII საუკუნის I ნახევრის ქართლის სამეფო კარის სახლთუხუცესი – ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილი უნდა ვიგულისხმოთ, რომლის მოსახელე ვაჟიც ქაიხოსრო მონაზვნად აღკვეცილა არსენის სახელით, ხოლო შემდეგ 1660- 1664 წლებში უარი უთქვამს მონაზონობაზე და კვლავ ერისკაცობაში დაბრუნებულა, რასაც ქართლის კათალიკოსის დომენტის მხრიდან დიდი წყრომა გამოუწვევია. სახლთუხუცესის ქაიხოსროს ვაჟი, ქაიხოსრო ქართლის კათალიკოსს ანტიოქიის პატრიარქის მაკარის შუამავლობით 1664 წელს, უფრო კონკრეტულად, 1664 წლის 3 აგვისტომდე შერიგებია, რომლის სანაცვლოდაც მას დომენტი III-სათვის მამული უბოძებია.

ჩვენ მსჯელობაზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გერმანოზიშვილთა ოჯახიდან განსხვავებით, აღნიშნული პერიოდის ქართულ საისტორიო საბუთებში აბაშიშვილთა ფეოდალურ ოჯახში მართლაც მოიძებნა სასულიერო პირი, სახელად არსენი, რომელიც XVII საუკუნის I ნახევრის ქართლის სამეფო კარის სახლთუხუხცესის ქაიხოსრო აბაშიშვილის ვაჟი იყო. თუმცა აქვე ვამახვილებთ ჩვენს ყურადღებას ერთ წინააღმდეგობაზე, რომელიც მდგომარეობს შემდგომში: მართალია, იგი იყო მღვდელ-მონაზონობაში არსენის სახელით, თუმცა 1664 წლის 3  აგვისტოს დოკუმენტის ფრაგმენტის მიხედვით, მას უარი უთქვამს სასულიერო ცხოვრებაზე და კვლავ დაბრუნებია საერო ცხოვრებას.

მას   შემდეგ,   რაც   გავარკვიეთ,   რომ   ქაიხოსრო   სახლთუხუცესის   ვაჟი  ქაიხოსრო (ყოფილი არსენი) სასულიერო ცხოვრებას ეწეოდა და 1660-1664 წლბში უარი თქვა მღვდელ-მონაზონობაზე და დაუბრუნდა საერო ცხოვრებას, საინტერესოა შემდგომი მისი ცხოვრება-მოღვაწეობის დეტალები?

ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოვიტანთ გურამ ჯანდიერის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომელიც შემდგომში მდგომარეობას, რომ “სწორედ გერმანოზიშვილთა შტოს წარმომადგენელ არსენ მანგლელის შთამომავლები არიან როსტომ და გუგუნა, რომლებიც 1690-იანი წწ-ის ბოლოდან იწოდებიან ნამანგლელავისშილებად” (ჯანდიერი 1991: 176).

ჩვენ გავეცანით XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის I ნახევრის საისტორიო საბუთებს როსტომ და გუგუნა ბარათაშვილების შესახებ, რომელთა გაცნობა არავითარ საშუალებას არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გერმანოზიშვილთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლის – არსენ მანგლელის შვილები იყვნენ როსტომ და გუგუნა ბარათაშვილები, პირიქით, აქ პირდაპირ არის დასახელებულია მათის მამის, ქაიხოსროს სახელი. მას შემდეგ, რაც დავადგინეთ როსტომ და გუგუნა ბარათაშვილების მამის და პაპის ვინაობის საკითხი და ვთქვით, რომ მათ, როგორც მამას, ასევე სახელად პაპასაც ქაიხოსრო ერქვათ, რჩება კიდევ ერთი საკითხი გასარკვევი – იყო თუ არა ნამდვილად როსტომ და გუგუნა ბარათაშვილების მამა მანგლისის ეპარქიის მწყემსთავარი ანუ ფლობდა თუ არა მანგლელის სასულიერო ხარისხს?

დასმულ კითხვებზე ამომწურავ პასუხს სცემს 1713 წლის 25 თებერვლის ვახტანგ VI- ის (1703-1724 წწ.) ძმის, სვიმონ ბატონიშვილის შეწირულობის წიგნი, მიცემული წმინდა დავითის ეკლესიისათვის გიორგი მაკარიძის შეწირვის შესახებ, სადაც ნათქვამია: “….ჩვენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან, პანკრატოანმან მეფეთა ძემან, საქართველოს გამგებელმან, ბატონიშვილმა ბატონმა სვიმონ ეს შეწირულობის წიგნი მოგართვით ასე, რომე ნამანგლელ<ე>{ა}ვის, ბარათაშვილის ქაიხოსროს დედას, მონაზონს ელენეს ერთის თავის ნასყიდის ყმის, მაკარიძეს გიორგისათვის აზატულობის წიგნი მიეცა და ის კაცი თავისთვის იყო ავლაბარში, თავის ნაჭირნახულემს ერთს ბოსელში ედგა, მოვიდა და იმ კაცმაც შემოგვეხვეწა და ჩევნც ჩვენად სასულიეროდ და წმინდას დავითს შევსწირეთ, ასე, რომ არას  კაცს  იმასთან  ხელი  არა  ქონდეს-რა,  არა  მოურავს,  არა  მელიქსა,  არა    მამასახლის არაფერი ჩვენი სათხოვარი გამოსაღები არა ეთხოვებოდეს, წელიწადში შვიდ  ლიტრას ზეთს წონამძღვარს მიართ{მ}ვ-ე<მ>დნენ და ყოველს წელიწადს პეტრე-პავლობას დღეს, ვინც იქ მღდელ-მონაზონი დაეწრებოდეს ჟამს გვიწირევდნენ, ყოვლის კაცის უცილებლად მოგვირთმევი{ა}…” (ქარაგმის გახსნა და პუნქტუაცია ჩვენია – თ.გ.) (სეა, 1449-1976).

როგორც აღნიშნული დოკუმენტიდან ვიგებთ, სვიმონ ბატონიშვილთან მისულა მანგლელ ყოფილის, ქაიხორო ბარათაშვილის დედის მონაზონ ელენეს ნაყიდი ყმა, გიორგი მაკარიძე, რომელიც ქაიხოსროს დედას მონაზონ ელენეს გაუაზატებია და თავისთვის თბილისში, კერძოდ, ავლაბარში ცხოვრობდა. იგი მისულა ქართლის სამეფო კარზე თხოვნით, მას სვიმონ ბატონიშვილმა დაუკმაყოფილა თხოვნა და წმიდა  დავითის ეკლესიას შესწირა, რის სანაცვლოდაც ამ ეკლესიაში მოღვაწე მღვდელ-მონაზონს მისთვის პეტრე-პავლობის დღესასწაულზე ჟამის წირვა უნდა გადაეხადა. როგორც ვხედავთ, აქ პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ქაიხოსრო ბარათაშვილი ადრე მანგლელის სამწყსოს მღვდელმთავარი იყო, რაც კიდევ ერთხელ დოკუმეტურად პასუხს სცემს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს ქაიხორო ბარათაშვილის მანგლელობის ყოფნა-არყოფნის შესახებ. გარდა ამისა, აღნიშნულ სიგელში დასახელებული მისი დედის, მონაზონობის სახელი ელენე, რომელიც შესაბამისად, ქაიხოსრო ბარათაშვილის მამის, XVII საუკუნის I ნახევარში მოღვაწე ქართლის სამეფოს სახლთუხუცესის, ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილი თანამეცხედრე იყო, რაც დღევანდელი მონაცემებით უცნობი იყო ქართული ისტორიოგრაფიისათვის.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დასკვნის სახით ვთქვათ, რომ 1667 წლი მანგლისის ტაძრის გალავანში ჩადგმულ წარწერაში მოხსენიებული არსენ მანგლელი XVII საუკუნის I ნახევარში მოღვაწე, სახლთუხუცეს ქაიხოსრო აბაშიშვილი ვაჟი ქაიხოსრო იყო. მან, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც უარი თქვა მღვდელ-მონაზონობაზე, კვლავ დაუბრუნდა სასულიერო ცხოვრებას და მანგლისის ეპარქიის მწყემსთავარი გახდა. ერთი მხრივ ვითვალისწინებთ 1664 წლის 3 აგვისტოს საბუთის ფრაგმენტს, მეორე მხრივ ყურადღებას ვამახვილებთ 1667 წლის არსენ მანგლელის სამშენებლო წარწერაზე და მისი მანგლელობის ქვედა ქრონოლოგიურ ზღვრად – 1664-1667 წლებს მივიჩნევთ. მისი მანგლელობის ზედა ქრონოლოგიურ ზღვართან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია 1671 წლის  ნასყიდობის საბუთი, სადაც ვკითხულობთ: “… ესე ხანთა და ჟამთა გასათავებელი სამკუიდროდ და საბოლოდ საქონი უხერხოდა მიზეზ-შემოუღებელი და ყოვლის ჩხუბისაგან გამოკრებული, უთუთო და უთუმცო ნასყიდობის წიგნი, ფიცი და პირი მოგეცით ჩვენ, ბარათაშვილმა ქაიხოსრომ, ჩვენმა ძ<ა>მისწულმა, ქაიხოსრომ და გიორგიმ, თქვენ, ყორღანასშვილს როსტომს და შვილსა შენსა ქაიხოსროს და სხვასა მამავალსა სახლისა შენისა.

ასრე, რომე ხ<ა>შირობში სადუნასშვილის ნარიმას მიწა ორის დღისა დაგვეჭირა და მოგყიდეთ, ავიღეთ ფასი სრული, აღარ დარჩა-რა ჩვენი შენზე ქვეშეთ ხუცის მიწის ნაპირამდი და ზემოთ შვინს მიწამდი….” (ქარაგმის გახსნა და პუნქტუაცია ჩვენია – თ.გ.) (სეა, 1/69).

ამ საბუთის მიხედვით, ქაიხოსრო ბარათაშვილს და მისი ძმისწულებს როსტომ ყორღანაშვილისა და მისი ძმებისადმი ხშირობში მდებარე ნარიმანა სადუნიშვილის ორი დღის მიწა მიუყიდიათ.

1671 წლის დოკუმენტი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მისი მანგლელობის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი და იგი 1670 წლის ნაცვლად, 1671 წლით გადავათარიღოთ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოვიტანთ თედო ჟორდანიას ქრონიკების II ტომში მოცემულ კიდევ ერთ საბუთის ფრაგმენტს, სადაც ნათქვამია: `ამავე დროებში ქკ  ̃ზს დომენტი ერთგულების წიგნს უწერს ჯავახიშვილი  მანგლელი გაბრიელ:

`თქუენ მიერი (ეპისკოპოსად) კურთხევა მოვიღეთ ჩემზედა… ვიყუნეთ თქუენნი ერთგულნი და.. მორჩილნი~ (მცხეთის ნუსხა #:რმა:” (ჟორდანია 1897: 480).

მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ, რომ აღნიშნულ საბუთის შედგენის თარიღად ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე მიღებული 1662 წელი არ შეესაბამება რეალობას, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ დომენტი კათალიკოსის მიერ გაბრიელ ჯავახიშვილის მანგლელად კურთხევა მომხდარა ამავე 1671 წელს. აქედან გამომდინარე, მისი მანგლელობის ქვედა ქრონოლოგიურ ზღვრამა 1672 წლის ნაცვლად, როგორც ეს დღემდე იყო მიღებული ქართულ სპეციალურ ლიტერატურაში, კიდევ ერთი წლით უნდა ჩამოიწიოს ქვევით და შესაბამისად, 1671 წლით უნდა განისაზღვროს.

ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე, არსენის მანგლისის მწყემსთავრობას 1667- 1670 (1667, 1669, 1670) წლების ნაცვლად, 1664-1667-1671 წლებით განვსაზღვრავთ, ხოლო გაბრიელ ჯავახიშვილის მანგლელობის ქვედა ქრონოლოგირ ზღვრად კი 1672 წლის ნაცვლად, 1671 წელს მივიჩნევთ.

ამრიგად, 1667 წლის არსენ მანგლელის სამშენებლო წარწერის, 1664 წლის 3 აგვისტოს საბუთის ფრაგმენტის, 1671 წლის ნასყიდობის საბუთის, 1713 წლის სვიმონ ბატონიშვილის შეწირულობის სიგელისა და 1717-1718 წლების დავის წიგნის ურთიერთშეჯერების საფუძველზე გავარკვიეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

1.,  ფარსადანსა და თაყაშვილებს შორის წარმოებული დავის სიგელის  ქრონოლოგიას 1661-1688 წლების ნაცვლად, 1717-1718 წლებით განვსაზღვრავთ.

  1. არსენ მანგლელი იყო არა გერმანოზიშვილთა, როგორც ეს იყო მყარად დამკვიდრებული დღემდე ქართულ ისტორიოგრაფიაში (გურამ ჯანდიერი, გულიკო მჭედლიძე), არამედ აბაშიშვილთა ფეოდალი სახლის წარმომადგენელი. სახელდობრ, იგი იყო XVII საუკუნის I ნახევრის ქართლის სამეფოს სახლთუხუცესის ქაიხოსრო ბარათაშვილის ვაჟი, სახელად ქაიხოსრო, რომელმაც 1660-1664 წლებში უარი თქვა სასულიერო ცხოვრებაზე და მღვდელ-მონაზონობიდან (არსენად წოდებული) კვლავ სასულიერო ცხოვრებას დაუბრუნდა, რის სანაცვლოდაც მან ქართლის კათალიკოსს უბოძა მამული.
  2. იგი მიუხედავად იმისა, რომ დაუბრუნდა საერო ცხოვრებას, კვლავ დაუბრუნდა სასულიერო ცხოვრებას 1664 წლის შემდეგ, უფრო მეტიც, იგი მანგლისის ეპარქიის მწყემსმთავარი გახდა. მის მანგლელობის ქრონოლოგიას 1664-1667-1671 წლებით განვსაზღვრავთ.
  3. მისი სასულიერო ცხოვრების დაწყებას ზოგადი ქრონოლოგიური მონაკვეთით – XVII საუკუნის 40-50-იან წლებით ვათარიღებთ. 1671 წელს იგი საბოლოოდ დაუბრუნდა საერო ცხოვრებას, ამავე 1671 წელს უკურთხებია ქართლის კათალიკოზს დომენტის გაბრიელ ჯავახიშვილი მანგლელად, როცა მისი მანგლელობის ქვედა ზღვრად აქამდე ქართულ სამეცნიერო წრეებში 1672 წელი იყო მიჩნეული. ქაიხოსრო ბარათაშვილ-ქაიხოსროშვილი, არსენ მანგლელ ყოფილი ასევე დამფუძნებელი იყო ნამანგლელავიშვილთა      ფეოდალური      სახლისა,       რომლისწარმომადგენლები (მხედველობაში გვაქვს როსტომ და გუგუნა ნამანგლელავიშვილები – თ.გ.) XVII საუკუნის 80-იანი წლებსა და XVIII საუკუნის I ნახევარში აქტიურ როლს ასრულებდნენ ქართლის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

6. ქაიხოსრო ქაიხოსროშვილის დედა შემონაზვნებული ყოფილა ელენეს სახელით, რომელიც თავის მხრივ XVII საუკუნის I ნახევრის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის – სახლთუხუცეს ქაიხოსრო აბაშიშვილის მეუღლე გახლდათ, რაც ასევე უცნობი იყო დღემდე ქართულ სპეციალურ ლიტერატურაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s