X-XI საუკუნეების უცნობი ეპიგრაფიკული დიპლომატიკის ძეგლი მოხისის ღმრთაების ეკლესიიდან / An unknown inscription of X-XI cc. from the Mokhisi Church of Trinity

წარწერის ფოტო
X-XI საუკუნეების ეპიგრაფიკული დიპლომატიკის უცნობი ძეგლი მოხისის სამების ეკლესიიდან / An unknown juridical epigraphic monument of X-XI cc. from the Mokhisi Church of Trinity

ირაკლი გელაშვილი / Irakli Gelashvili

თამაზ გოგოლაძე / Tamaz Gogoladze

ახალგაზრდა მეცნიერთა ცენტრი საქართველოს სიძველენი/ Center of Young Scientists Antiquities of Georgia

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / Korneli Kekelidze National Center of Manuscripts

სოფელი მოხისი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1360 მეტრზე. რთული კლიმატური პირობების გამო სოფელი დაცლილია, დიდთოვლობის დროს სოფლამდე მისასვლელი გზები (თუ შეიძლება ამას გზები ეწოდოს, რადგან მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით შეიძლება გადაადგილება) იკეტება და სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს მთელი ზამთრის განმავლობაში. მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ითვლება მუდმივ მაცხოვრებლად. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს “აგარაკებს” ეძახიან, რადგან მხოლოდ ზაფხულობით ისმის მცხუნვარე მზეს გამოქცეულ დამსვენებელთა ჟრიამული. სწორედ “მოაგარაკეთა” ერთ-ერთ ოჯახში (თეიმურაზ ასლანიშვილი და თეა მწყერაშვილი) ყოფნის დროს მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნული ტაძრის შესახებ ნაშრომის ერთ-ერთ ავტორს – ირაკლი გელაშვილს, რომელმაც ეკლესია 2015 წლის 10 ივლისს მოინახულა. იგი დაინტერესდა ტაძრის აღმოსავლეთ კედლეზე, სარკმლის თავზე, არსებული წარწერით. თბილისში დაბრუნების შემდეგ ერთობლივად (ირაკლი გელაშვილი, თამაზ გოგოლაძე) დავიწყეთ აღნიშნული ტაძრის შესახებ ინფორმაციის მოძიება. დავძებნეთ და შევისწავლეთ აღნიშნული მხარის შესახებ ბიბლიოგრაფია, თუმცა საინტერესოს თითქმის ვერაფერს მივაკვლიეთ. ერთადერთი ინფორმაცია აღნიშნული ტაძრის შესახებ არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დაცული პასპორტი, რომელიც 1979 წლის 18 სექტემბრითაა დათარიღებული და შედგენილია ხელოვნებათმცოდნე ვლადიმერ (ლადო) ვარდოსანიძის მიერ. აღნიშნულ ინფორმაციას სრული სახით გთავაზობთ,ვინაიდან ეს გახლავთ ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ერთადერთი ინფორმაცია, რაც ამ ტაძრისა და მასზე არსებული წარწერის შესახებ მოგვეპოვება. “ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ზომით 9,3×5,4 მ. შიდა სივრცე მაღალია და მთლიანობაში აღიქმება. კამარის საბჯენი თაღი ვიწრო კრონშტეინებზეა დაყდრნობილი. თაღი შედგენილია ფოროვანი ბაზალტისაგან თლილი ელემენტებით. აფსიდის თაღი გამოყოფილია პრიმიტიული იმპოსტებით – ბრტყლად დადებული ფიქალებით. აფსიდი ნახევარწრიულ მოხაზულობას უახლოვდება. მის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში განიერი, გეგმაში სწორკუთხა ნიშია. კიდევ თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. საკურთხევლის დონე ოდნავ ამაღლებულია, სოლეა აგურითაა ნაგები. შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი – ბალავრის ქვა დაკარგულია. შემორჩენილი მხოლოდ შიდა, თაღოვანი ნაწილი. იატაკი მოპირკეთებულია ქვის უსწორმასწორო ფილებით. ინტერიერი შებათქაშებულია და შეთეთრებული. ძირითადად სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი ჯიშის სუსტი შლადი ფენოვანი ქვიშაქვა. გამოყენებულია როგორც ვებერთელა ლოდები, ისე წვრილი ქვა. წყობის ხასიათი არაერთგვაროვანია – ქვები ჩალაგებულია ჰორიზონტალურადაც, შვერილადაც, აქა-იქ ჩატანებულია აგურიც და კრამიტიც. ფასადების საერთო გამა მოყვითალო-მონაცრისფროა. აღმოსავლეთ სარკმლის საპირე ქვაზე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. სარკმელს აგვირგვინებს რელიეფური წარბი, რომლის ბოლოები გაშლილია. ეკლესიის აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებს პერანგად შემოუყვება ქვის კედლები” . როგორც ვხედვათ, ხელოვნებათმცოდნე ლადო ვარდოსანიძე დეტალურად აღწერს ტაძრის ხუროთმოძღვრულ დახასიათებას. თუმცა გაკვრით ახსენებს აღმოსავლეთ სარკმლის საპირე ქვაზე ასომთავრული წარწერის არსებობას. რაც შეეხება ტაძრის აშენების ქრონოლოგიას მეცნიერი X-XII საუკუნეებით განსაზღვრავს. მის გადაკეთებას XIX საუკუნეს უკავშირებს ეკლესიის დასავლეთ კედელში ჩადგმულ იოსებ ბესარიონსი ძე ყავრიშვილის საფლავის ქვის წარწერის საფუძველზე, საიდანაც ვგებულობთ რომ აღნიშნულ აზნაურს ტაძარი განუახლებია და სოფელ მოხისის მებატონეც ყოფილა. მას შემდეგ, რაც დეტალურად გავეცანით ქართულ სპეციალურ ლიტერატურაში არსებულ მასალას მოხისის სამების ეკლესიის შესახებ. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ხელოვნებათმცოდნე ლ. ვარდოსანიძეს აქვს ჩვენთვის საინტერესო წარწერის არსებობის ფაქტი დადასტურებული, წარწერის შინაარსი კი დღემდე უცნობი იყო ქართული ისტორიოგრაფიისათვის. 2015 წლის 27 ივლისს მოეწყო საგანგებო ექსპედიცია (ირაკლი გელაშვილი, თამაზ გოგოლაძე, გელა ქისტაური) მოხისის ღმრთაების ეკლესიაში მის აღმოსავლეთ ფასადზე განთავსებული წარწერის შესწავლის მიზნით.
თავდაპირველად, წარწერა გავასუფთავეთ ხავსისაგან, რამაც საშუალება მოგვცა ჩვენთვის საინტერესო წარწერა თავიდან ბოლომდე სრულად წაგვეკითხა. ამის შემდგომ მოვამზადეთ მისი ტექნიკური აღწერილობა, დავამზადეთ მისი პალეოგრაფიული ასლი და გადავიღეთ წარწერის მაღალი გარჩევადობის ფოტოები.

DSC_1074
მუშაობის პროცესი / Working process

I. წარწერის პუბლიკაცია

როგორც შესავალ ნაწილში ავღნიშნეთ, სააღმშენებლო წარწერის ქვა მოთავსებულია ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე.
თავდაპირველად მოგვაქვს წარწერის ტექნიკური აღწერილობა, მისი ტექსტის გადმონაწერი დედნის შრიფტის დაცვით, წარწერის პალეოგრაფიული პირი და მისი ჩვენეული წაკითხვა:
წარწერა თექვსმეტ სტრიქონიანია და შესრულებულია ნუსხურნარევი ასომთავრული დამწერლობით, რომელიც მოთავსებულია აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის რელიეფური წარბის გარშემო მიწიდან 216 სმ სიმაღლეზე. ქვაზე, რომელიც, როგორც ჩანს საგანგებოდ ჩასვეს აღნიშნულ ადგილას სარკმლის მორთულობისა და წარწერის შესასრულებლად აღნიშნული ქვის და შესაბამისად წარწერის ფართობია: 87X72 სმ. რადგანაც წარწერა ამოკვეთილია ქვის მთელ პერიმეტრზე სარკმლის წარბის გარშემო. წარწერიანი ქვა ოთხკუთხა ფორმისაა, რომელიც ზედა მარჯვენა კუთხე დაზიანებულია; მიუხედავად ამისა, წარწერის ტექსტი დაზიანებული არ არის; ტექსტისათვის განკუთვნილ არესთან შედარებით სარკმლის წარბი 1.0-1.2 სმ-ით არის ამაღლებული, რომლის ცენტრალურ ნაწილში ჯვარია ამოკვეთილი. ტექსტის ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ასო-ნიშნების ზომებია: “წილი” (V სტრიქონის V გრაფემა) – 7.2 სმ და “ანი” (XII სტრიქონის ბოლო გრაფემა) – 1.6 სმ. გრაფემათა კვეთის მაქსიმალური სიღრმე 0.3-0.4 სმ-ია. წარწერაში ქარაგმად სწორი განივი ხაზია გამოყენებული, ხოლო განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. წარწერისათვის დამახასიათებელია “იოტის” ნაცვლად გრაფემა “ინის” გამოყენება.

DSC06548 - Copy (2)

ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთისაით)ა, მ(ამი)სა, ძ(ი)სა | და ს(უ)ლ(ი)სა წ(მიდი)სა, ჩ(უე)ნ, ალმ|აოტისძეთა კ(უირიკ)ე და თ(ევდორ)ე {და} | ბ(ეშ)ქ(ე)ნ აღვაშ|ენეთ წ(მიდა)ი | ესე ეკ|ლ(ე)ს(ია)ი | ს(აო)ხ(ა)დ ს(უ)ლ(ი)სა | ჩ(უე)ნ(ი)სა ღ(მერთ)ი| არს მ(ო)წ(ა)მ(ე) | ჩ{უე}ნთა, ე|ს{ე} გ(ლახა)კთა | გუ{ი}ქ{მ}ნ{ი}|ა.
პ|(ირველ), | ჭ{ა}ლ{ა}ს ვე{ნა}ხი ვ(ი)ყ(ი)დეთ საზედ{ა}შ{ე}დ ამ{ა}ვე ეკლ|ესისათ{უი}ს.

როგორც ირკვევა, წარწერა სააღმშენებლოა. შინაარსის თვალსაზრისით შეგვიძლია ოთხ ნაწილად გავყოთ:
I ნაწილი საღვთისმეტყველოა ანუ მეოხებაა ღმრთისადმი, რომელსაც წარწერის პირველი სტრიქონი მთლიანად და მეორე სტრიქონის დიდი ნაწილი უჭირავს: “ქ. ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთისაით)ა მ(ამი)სა ძ(ი)სა | და ს(უ)ლ(ი)სა წ(მიდი)სა”.
II ნაწილი სააღმშენებლოა და მოიცავს წარწერის მეორე სტრიქონის ბოლო ნაწილს, მესამე სტრიქონს მთლიანად და მეოთხე სტრიქონის დასაწყის ნაწილს. რომლის მიხედვით, ალმაოტისძეებს: კვირიკეს, თევდორესა და ბეშქენს აუგიათ ეკლესია ღმრთაების სახელობაზე: “ჩ(უე)ნ, ალმ|აოტისძეთა კ(უირიკ)ე და თ{ევდორ}ე {და} | ბ(ეშ)ქ(ე)ნ აღვაშ|ენეთ წ(მიდა)ი | ესე ეკ|ლ(ე)ს(ია)ი”.
III ნაწილი სავედრებელ ფორმულას წარმოადგენს. ტაძრის მაშენებელნი მათი სააღმშენებლო საქმიანობის სანაცვლოდ წყალობას ითხოვენ თავისი სულისათვის, თავისი საქმიანობის სანაცვლოს იმდაბლებენ რა თავს ღმრთის წინაშე, მოწმედ თავად უფალი მოჰყავთ: “ს(აო)ხ(ა)დ ს(უ)ლ(ი)სა | ჩ(უე)ნ(ი)სა ღ(მერთ)ი| არს მ(ო)წ(ა)მ(ე) | ჩ{უე}ნთა ე|ს გ(ლახა)კთა გუ{ი}ქ{მ}ნ{ი}ა”.
IV ნაწილი იურიდიული ხასიათისაა. ტაძრის მაშენებლები ტაძრის აშენების პარალელურად ამავე ეკლესიას სწირავენ ჭალაში მდებარე ვენახს, რათა ტაძარი უზრუნველეყო საზედაშე ღვინით: “პ(ირველ), | ჭ{ა}ლ{ა}ს ვე{ნა}ხი ვ(ი)ყ(ი)დეთ საზედ{ა}შ{ე}დ ამ{ა}ვე ეკლ|ესისათ{უი}ს”.
როგორც ცნობილია, ზედაშე ანუ წითელ ღვინო გამოიყენება საეკლესიო რიტულების დროს.

II. წარწერის პალეოგრაფიული დახასიათება.

წარწერა შესრულებულია კუთხოვანი ასომთავრულით ანუ წარმოადგენს ასომთავრულიდან ნუსხურში გარდამავალ ძეგლს. ამიტომაც ასომთავრულ ასოებს შეთვისებული აქვს ნუსხურისაგან ზოგიერთი პალეოგრაფიული ნიშნები. დარღვეულია ორხაზოვანი საწერი ბადე და სტრიქონების ჰორიზონტალური მდებარეობა. წარწერაში სიტყვები არ არის დაშორებული ერთმანეთს, თუმცა არც განკვეთილობის ნიშნებია გამოყენებული. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი განივი ხაზი.
წარწერაში სწორი ნუსხურით გადმოცემულია მხოლოდ ორი გრაფემა: “ლასი” და “თანი”. წარწერაში “ლასი” შვიდჯერ გვხვდება, მისთვის დამახასიათებელია მარცხნივ გაზიდული დამატებითი განივი ხაზი. “თანი” ტექსტში დადასტურებულია რვაჯერ, გადმოცემულია კუთხოვანი ფორმით, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეინიშნება კუთხეების მომრგვალების ტენდენცია (მესამე სტრიქონის პირველ სიტყვაში).
“ენი” და “ვინი” გადმოცემულია მარცხნივ გაზიდული დამატებითი განივი ხაზებით.
მანის მუცლის შემკვრელი ხაზი აღარ გადადის მარჯვენა მხარეს.
განსაკუთრებული პალეოგრაფიული დატვირთვის მატარებელი გრაფემებია: “განი”, “ვინი”, “ინი”, “ონი”, “ტარი” და “წილი”.
“განი” წარწერაში ორჯერ გვხვდება მეთორმეტე და მეცამეტე სტრიქონებში, გადმოცემულია კუთხოვანი ფორმით მარცხნიდან მიდგმული დამატებითი განივი ხაზით. აღსანიშნავია, რომ “განი” ორივე შემთხვევაში გადმოცემულია ქუსლის გარეშე. პირველ შემთხვევაში გრაფემა მოთავსებულია ოთხხაზოვანი ბადის მეორე და მეოთხე ხაზებს შორის, ხოლო მეორე შემთხვევაში პირველ და მესამე ხაზებს შორის. მსგავსი უქუსლო განი დადასტურებულია X საუკუნის ბოლო მეოთხედით დათარიღებულ ახალსოფლის (თეთრი წყაროს რაიონი) ეკლესიის წარწერაში (მოსახსენიებელი ბაგრატ III-ისა და გურანდუხტ დედოფლისა), რომელიც ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (სსმ-30(186)) (ქართული წარწერების კორპუსი 1980ა: 258-259.)
საინტერესოა “ვინის” მოხაზულობა. იგი წარწერაში ოთხჯერ გვხვდება და გადმოცემულია მარცხნივ გაზიდული დამატებითი განივი ხაზით, ხოლო მკლავი ძირს არ ჩამოუდის.
შენიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მეხუთე სტრიქონის ბოლო სიტყვაში “წმიდაი” და მეშვიდე სტრიქონში სიტყვაში “ეკლესიაი” იოტის ნაცვლად გამოყენებულია გრაფემა “ინი”. საინტერესოა მეცხრე სტრიქონის ბოლოს სიტყვაში დაფიქსირებული “ინი”, რომლის ფეხიც საკმაოდ დახრილია მარჯვნიდან მარცხნივ. მსგავსი ფორმით გრაფემა “ინი” დადასტურებულია XI-XII საუკუნეებით დათარიღებულ გიორგი ქოჩოლავას წარწერაში (ილორი) (ქართული წარწერების კორპუსი 1980ბ: 161).
“ონი” წარწერაში ორჯერ გვხვდება. იგი პატარა ზომისაა და მოთავსებულია ოთხხაზოვანი ბადის მეორე და მესამე ხაზებს შორის. წრიულ მუცელს მარჯვენა ქვედა მხარეს მიდგმული აქვს ზემოთ აპრეხილი ქუსლი რომელიც თითქმის მუცლის სიმაღლემდე ადის. მსგავსი ფორმით გრაფემა “ონი” გვხვდება იმავე XI-XII საუკუნეებით დათარიღებულ გიორგი ქოჩოლავას წარწერაში (ილორი) (ქართული წარწერების კორპუსი 1980ბ: 161), ასევე 1046 წლის საურმაგ აქუნისძის წარწერაში (სავანე) (ქართული წარწერების კორპუსი 1980ბ: 60-61) და მიქაელ მჭევრაის ძის წარწერაში (ქორეთი) (ქართული წარწერების კორპუსი 1980ბ: 121)
საინტერესოა “ტარის” მოხაზულობა, რომელიც წარწერაში ერთხელ გვხვდება მესამე სტრიქონის პირველ სიტყვაში და თავგახსნილი ფორმითაა გადმოცემული. იმდენად, რომ მიმსგავსებულია ნუსხურ `ცილს~. მსგავსი ფორმით “ტარი” დაფიქსირებულია XI საუკუნის სტეფანე კალატოზის წარწერაში (სიმონეთი) (ქართული წარწერების კორპუსი 1980ბ: 114).
“წილი” წარწერაში დადასტურებულია სამჯერ. განსაკუთრებით საინტერესოა მეორე სტრიქონის მესამე სიტყვაში დაფიქსირებული “წილის” მოხაზულობა, რომელიც გადმოცემულია თავგახსნით, ხოლო მკლავი მორკალულია და შეერთებულია ფეხთან. ასეთი “წილი” გვხდება ატენის მცირეგუმბათიანი ეკლესიის 982/989 წლების რატი ერისთავის სააღმშენებლო წარწერაში (ქართული წარწერების კორპუსი 1980ა: 203).
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის საინტერესო წარწერა პალეოგრაფიული თვალსაზრისით დიდ მსგავსებას ამჟაღავნებს X-XI საუკუნეების ქართულ ეპოგრაფიკულ ძეგლებთან, შესაბამისად, წარწერის ქრონოლოგიას X-XI საუკუნეებით განვსაზღვრავთ.
რაც შეეხება წარწერის ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით ანალიზს და აქ მოხსენიებული პირების იდენტიფიკასიის საკითხს.
გვარი ალმაოტისძე ამ ფორმით ისტორიულ საბუთებსა და ნარატიულ წყაროებში არ დასტურდება, თუმცა მოგვიანებით კახეთში, გრემის მახლობლად გვხვდება ტოპონიმი ალმაოტი. 1492 წელის ალექსანდრე კახთა მეფის მიერ გაცემულ შეწირულობის წიგნში ალავერდის ტაძრისადმი (სეა, 1448-10021) იხსენიება ალმატისშვილი იოანე – ალექსანდრე მეფის მდივან-მწიგნობარი (ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი 2014: 289-293.)
1627 წელს ქართლის კათალიკოზ ზაქარიას მიერ გაცემულ საბუთში კი წერია “ესე წიგნი მოგართვით თქუენ, ალმატალის შვილსა დავითს: … მოხველ და ხელმწიფის ბატონის თეიმურაზის ნებადართულობითა სვეტს ცხოველს ეყმევ და ანთოკს დასახლდით. და წელიწადში სვეტს ცხოველს ოთხს საპალნეს ღვინოს და სამს საპალნე პურს მოართმევდე (ქართული სამართლის ძეგლები 1970: 488). შემდგომში XVII-XVIII საუკუნეებში იხსენიებიან ალმატელაშვილები და ალმატლისშვილები.
ჩვენს ხელთ არსებული მასალები არ გვაძლევს საშუალებას ვამტკიცოთ კავშირი ალმაოტისძეებსა და ალმატისშვილებსა თუ ალმატლისშვილებს შორის. თუმცა, ცხადია, რომ ისინი ერთი საერთო ფუძე სიტყვიდან უნდა მომდინარეობდეს.

III. მოხისის ღმრთაების ეკლესიის სამშენებლო წარწერა როგორც ეპიგრაფიკული დიპლომატიკის ძეგლი

ვალერი სილოგავას განმარტებით, ეპიგრაფიკული დიპლომატიკის ძეგლებში იგულისხმება არა მარტო იურიდიული საბუთი – დაწერილი ან ხელი, არამედ ყველა სახის წარწერა, რომელშიც წარმოდგენილია იურიდიული აქტი, დადასტურებულია სამართლებრივი ურთიერთობა ორ მხარეს შორის. თუმცა სხვაობა არის ამ ურთიერთობათა გამოხატვის ფორმებში, რომლის მიხედვითაც ქართული ეპიგრაფიკული დიპლომატიკის ძეგლები შემდეგ ჯგუფებად იყოფიან: ა) ჯვრები, ბ) ხელები, გ) დაწერილები, დ) წარწერები ქვის მოღების, ქვის შეწირვის და სხვა საეკლესიო შეწირულებათა შესახებ. ე) სააღაპე წარწერები.
ქართული სამართლის ადრეული ეპიგრაფიკული დიპლომატიკის ძეგლებია: ჯვარი თათვარაზისა (V-VI სს.), ჯვარი თათვარაზისა და მარიამისა (V-VI სს.), ჯვარი მარვუვოსისა გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრიდან (VII ს.), თუმცა უძველესი თარიღიანი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლია 616-619 წწ. კონსტანტი, სტეფანესა და გუდასძის წარწერა წყისედან ჯვრის ამართვის შესახებ და 895 წლის ხუნამისის წარწერა, სადაც ჯვრის აღმართვის მნიშვნელობით გვხდება “ძელი ცხორებისაი აემართა”.
ჩვენთვის საინტერესო შეწირულების ეპიგრაფიკული ძეგლებიდან მნიშვნელოვანია XI საუკუნის ზემო კრიხის (ამბროლაურის რაიონი) კვირიკე კალატოზის წარწერა ეკლესიისათვის 25 დრამის შეწირვის შესახებ (ქართული წარწერების კორპუსი 1980ბ: 85-86). 1046 წლის სავანის ეკლესიის საურმაგ აქუნისძის წარწერა ეკლესიისათვის აღკაზმულობის შეწირვის შესახებ (ქართული წარწერების კორპუსი 1980ბ: 60-61). XI საუკუნის უბისის ტაძრის სტეფანეს წარწერა (ვ. სილოგავა, 1972: 161-162).
X ს-დან ეკლესიის კედლებზე გვხვდება ამოკვეთილი იურიდიული აქტები ა) აღაპები; ბ) ფეოდალურ საკუთრებასათან დაკავშირებული აქტები. ზოგჯერ ისინი შერწყმულია საამშენებლო წარწერასთან.
მოხისის ღმრთაების ეკლესიის წარწერაც ქართული ეპიგრაფიკული დიპლომატიკის ძეგლთა შორის უნდა განვიხილოთ. როგორც ირკვევა, წარწერა შინაარსის თვალსაზრისით სააღმშენებლო ხასიათისაა, თუმცა ამასთანავე წარმოადგენს იურიდიული ხასიათის ეპიგრაფიკულ ძეგლს, შეწირულობის საბუთს. მიუხედავად იმისა, რომ წარწერა შედგენილია სრულიად განსხვავებული დიპლომატიკური ფორმით ვიდრე რბილ მასალაზე დაწერილი საბუთები, შინაარსით აბსოლუტურად იდენტურია. წარწერაში, ისევე როგორც ქაღალდზე დაწერილ საბუთში, დასახელებულია საბუთის გამცემი (ალმაოტისძენი: კვირიკე, თევდორე და ბეშქენ) და მისი მიმღები (წმიდაი ესე ეკლესიაი), მოწმე (ღმერთი), გასხვისების ობიექტი (ვენახი).
ამდენად, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოგვაქვს მოხისის ღმრთაების ეკლესიის უცნობი წარწერა, რომელიც წარმოადგენს იურიდიული ხასიათის დოკუმენტს და თავის ადგილს იკავებს ქართული ეპიგრაფიკული დიპლომატიკის ძეგლებს შორის.

გამოყენებული ლიტერატურა

1. სილოგავა 1972: სილოგავა ვ., ქართული სამართლის ძეგლები დასავლეთ საქართველოს ლაპიდარულ წარწერებში, მაცნე ისტორიის სერია 1972 წელი, #4.
2. ქართული სამართლის ძეგლები 1970: ქართული სამართლის ძეგლები, III, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბ., 1970.
3. ქართული წარწერების კორპუსი 1980ა: ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-Xსს), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1980.
4. ქართული წარწერების კორპუსი 1980ბ: ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, II, დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. I, (XI-XIII სს.), 1980.
5. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი 2014: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, XV საუკუნის მეორე ნახევარი, III, შეადგინეს თინათინ ენუქიძემ, დარეჯან კლდიაშვილმა, მზია სურგულაძემ, გამოსაცემად მოამზადა მზია სურგულაძემ, თბ., 2014.

(ჟურნალი „ისტორიანი“. #5 (65), 2016, გვ. 60-67 / “Istoriani”, no. 5 (65), 2016, pp. 60-67.)

Leave a comment